თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, „ღვინის ენოთეკა“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნული სააგენტოს სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა.
„ღვინის ქარხანა №1“ XIX საუკუნის ეროვნულ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს, რომლის მშენებლობაც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა. ენოთეკა, რომელიც ამ ისტორიულ კომპლექსში მდებარეობს, საუკუნოვან მემკვიდრეობას ინახავს და ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს. წინასწარი მონაცემებით, აქ დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი ინახება, ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით, როგორც ქართული, ისე უცხოური პრემიუმ კლასის ღვინოებით. კოლექციაში ასევე გვხვდება ნაპოლეონ ბონაპარტის, იოსებ სტალინის და სხვა პირადი კოლექციებთან დაკავშირებული ნიმუშები.
მათივე ცნობით, დაიწყება აღნიშნულ ღვინის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლიანი სასმელების ბოთლების იდენტიფიცირებისა და მათი წარმოშობის დადგენის შესწავლა. უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წარმოდგენილი ნიმუშები ლოტების სახით გამოჩნდეს მსოფლიოს მსხვილი აუქციონების სტენდებზე.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო სააუქციონო სახლებისა და მედიის წარმომადგენლები, ღვინის უცხოელი კოლექციონერები, ასევე საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
1tv.ge