logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"იაპონელებს ქართული ღვინო ძალიან მოსწონთ, რადგან მათ ტრადიციულ კერძებს უხდება" - კომპანია "სოლომონე"

ჭიათურაში მდებარე, ღვინის მწარმოებელი კომპანია „სოლომონე“-ს დამფუძნებლის, დავით ჩაჩანიძის ინფორმაციით, იაპონელების უმეტესობას ქართული ქვევრის ღვინო ძალიან მოსწონთ, რადგან მათ ტრადიციულ კერძებს შეეფერება.

როგორც დავით ჩაჩანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, შორეულ ქვეყანაში (იაპონიაში) ქართული ღვინის ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„იაპონიაში, ქართული ღვინის ექსპორტი, ძალიან აქტუალური გახდა, რაც დადებითად შემიძლია, შევაფასო. ყველა ბაზარი საინტერესოა, მით უმეტეს მზარდი რომელიცაა. ზოგადად, იაპონიაში ნებისმიერი ტიპის, ქართულ ქვევრის ღვინოს პოტენციალი აქვს.  ჯერჯერობით, ჩვენ იაპონიაში ექსპორტზე არ ვმუშაობთ, სამწუხაროდ, დისტრიბუტორი არ მყავს“, - აცხადებს ღვინის მწარმოებელი კომპანიის „სოლომონე“-ს დამფუძნებელი.

როგორც დავით ჩაჩანიძე აღნიშნავს, კომპანია ამ ეტაპზე წარმადობის გაზრდას არ აპირებს,  თუმცა გუნდი, ახალი ბაზრების მოძიების, მონიტორინგის კუთხით, აქტიურად მუშაობს.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩემს მარანში გაყიდვები იმავე ნიშნულზეა. ცხადია, ეს ყველაფერი (წარმადობის გაზრდა და ახალი ბაზრების მოძიება), ერთმანეთთან ჯაჭვურადაა დაკავშირებული - თუ ახალ ბაზრებზე გავალთ, წარმადობაც გაიზრდება. ახლა, აშშ-ში მაქვს ღვინის ნიმუშები გაგზავნილი და პასუხს შემოდგომისთვის ველოდები. 90%-ით, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობას დავიწყებთ. ჩვენ ძირითადად ევროპულ ბაზრებზე ვმუშაობთ: გერმანია, ინგლისი, ლატვია - ამ დროისთვის ჩვენი კომპანიისთვის აქტუალური,  ეს 3 ბაზარია“, - აღნიშნავს დავით ჩაჩანიძე.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, დღეს, 12 მაისს ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. მათივე ცნობით, იაპონიაში, ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; მაგალითად, მიმდინარე წლის 4 თვეში, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 21%-ით აღემატება.

გამოგვყევით