logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დიდ თეორიულ ცოდნას საჭიროებს, აგრონომიულ მომსახურებას უცხოელები გვიწევენ" - "ბიო ბაღები"

ორგანული (გარდამავალი ბიო) ვაშლის მწარმოებელი კომპანიის "ბიო ბაღების" წარმოების ხელმძღვანელისდავით ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოში ბიო მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნული პროცესი დიდ შრომასთან ასოცირდება.

როგორც დავით ჯაფარიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, "ბიო ბაღებს" პროდუქტის მოყვანაში უცხოელი აგრონომები, იტალიელები ეხმარებიან.

"მოგეხსენებათ, ბიო მიმართულება ეკოლოგიურად ძალიან სუფთა პროდუქტია, პესტიციდებს არ შეიცავს - შესაბამისად, საქართველოში ამ მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ჯანმრთელობის კუთხით, თუმცა დიდ შრომასთან ასოცირდება. კერძოდ, აღნიშნული მიმართულება დიდ თეორიულ ცოდნას საჭიროებს, აგრონომიულ მომსახურებას უცხოელი აგრონომები, იტალიელები გვიწევენ. ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას დაკვირვება, სიფრთხილე უნდა, ჩვენ აღნიშნული გამოცდილება ნაკლები გვაქვს, ამიტომ უცხოელების ჩართულობა გვჭირდება. ბუნებისთვის, ადამიანისთვის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი კარგია - აი, მაგალითად, ისევე როგორც ავტომანქანა, რომელსაც გამონაბოლქვი არ აქვს. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ჩვეულებრივი პროდუქტი, ჯანმრთელობისთვის მავნეა, ყველაფერს თავის სტანდარტი აქვს, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა საკმაოდ წინაა წასული, მაგრამ ორგანული წესით მოყვანილ პროდუქტი ეკოლოგიურად უფრო სუფთა გახლავთ", - აღნიშნავს "ბიო ბაღების" წარმოების ხელმძღვანელი.

დავით ჯაფარიძე კომპანიის წარმოების შესახებ დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად, მეურნეობა ბიოსერტიფიცირების პროცესშია.

"ვაშლის მოყვანა და ბიოსერტიფიცირება  2023 წელს დაიწყო. ამასთან, სპეციალურად ბიო წარმოებისთვის  განკუთვნილი ვაშლის ჯიშები შეირჩა, რომლებიც  სხვადასხვა, დაავადებების მიმართ რეზისტენტულია. ორგანული წესით ვაშლის წარმოება განსაკუთრებული პირობების დაცვას გულისხმობს, მაგალითად, პროდუქტის მოყვანისას გამოიყენება, მხოლოდ ორგანული სასუქი და ბიო პრეპარატები, არ ვიყენებთ პესტიციდებს და ა.შ.

ჩვენ  2 ჯიშის ვაშლი მოგვყავს: "ვები", რომელიც განსაკუთრებულად ტკბილი გემოთი გამოირჩევა და მეორე: "რუბელიტი", რომელსაც არომატული გემო აქვს. 

ვფიქრობ, როდესაც ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა დაახლოებით, 400 ტონამდე ნედლეულს მივიღებთ -წარმადობა წლებთან ერთად გაიზრდება. ჩვენი მიმართულების პოპულარიზება იმედია, მალე დაიწყება და ამ სფეროს განვავითარებთ.

რაც შეეხება გაყიდვების მიმართულებას, ვაშლის რეალიზაცია 2024 წელს დავიწყეთ, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ვართ: "აგროჰაბში", "ნიკორაში", "ფრესკოში", "გუდვილში და ე.წ. უბნის მაღაზიებშიც", - აცხადებს კომპანიის წარმოების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ბიო ბაღები გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზერტში 8 ჰა-ზე ორგანული წესით  ვაშლის მოყვანას აწარმოებს, მეურნეობა ბიოსერტიფიცირების პროცესშია. ამასთან,  2024 წელს ბაღს "გარდამავალი ბიო"-ს სტატუსი მიენიჭა. კომპანია ბიოსერტიფიკატის მიღებას 2027 წლისთვის ელოდება.

გამოგვყევით