logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქვეყანაში უცხოელი აგროკონსულტანტების ჩამოყვანა შესაძლებელი გახდება" - გიორგი ავალიანი

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ავალიანის ინფორმაციით,  ქართველი ფერმერები მივიდნენ ეტაპამდე, როცა იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა საჭირო, სადაც სოფლის მეურნეობა ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" გიორგი ავალიანი აღნიშნავს, დარგობრივი ასოციაციებისთვის, კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების მექანიზმი იქმნება, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უცხოელი აგროკონსულტანტების ჩამოყვანა შესაძლებელი გახდება.

"სოფლის განვითარების სააგენტო უკვე წლებია, სხვადასხვა, მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს, რომელიც სოფლის მეურნეობათა ჯაჭვში აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ხორციელდება. ეს იქნება: პირველადი წარმოება, გადამმუშავებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, თუ ტექნიკური დახმარება. უკვე შედეგები არსებობს, მაგალითად, პირველად წარმოებაზე, როდესაც ვსაუბრობთ 25 000-ზე მეტ ჰექტარზე გაშენებული ბაღი გვაქვს, 280-ზე მეტი გადამმუშავებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურა და საწარმო თანადაფინანსებულია, ასევე ტექნიკური დახმარების პროგრამა გვაქვს. კერძოდ, ვეხმარებით ფერმერებს სურსათის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასა და ბრენდირებაში. ქართველი ფერმერები მივიდნენ იმ ეტაპამდე, რომ იმ ქვეყნების გამოცდილება გვჭირდება, სადაც სოფლის მეურნეობა ძალიან მაღალ დონეზეა  განვითარებული. დარგობრივი ასოციაციებისთვის, კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების მექანიზმი იქნება, რომლის ფარგლებშიც შეეძლებათ - უცხოელი აგროკონსულტანტების ჩამოყვანა, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 30 000 ლარი იქნება. ამასთან, ერთჯერადად, 10 დღით შეეძლებათ, უცხოელი აგროკონსულტანტი ჩამოიყვანონ", - აცხადებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი მოსავლის აღების შემდგომ დახმარებაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ  მოსავლის აღების შემდეგ ტექნოლოგიებისთვის, სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 10 000 ლარიანი თანადაფინანსება ხელმისაწვდომი გახდება.

"ასოციაციასაც და კოოპერატივს შეუძლია, სოფლის განვითარების სააგენტოსთან 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ქართველ ფერმერებს ძალიან წაადგება", - აღნიშნავს გიორგი ავალიანი.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას ახალი მიზნობრიობა – უცხოელი ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსება დაემატა.

პროგრამით კონსულტანტისა და ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების სფეროებია დადგენილი. კერძოდ, კონსულტანტი განახორციელებს აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ხოლო ტექნიკური კონსულტანტი – მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით კონსულტაციებს ჩაატარებს.

პროგრამის დადგენილი პირობით, უცხოელი კონსულტანტების მომსახურების ღირებულების 70%-ს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. ამასთან, თანადაფინანსების ლიმიტი 30 000 ლარს შეადგენს.

გამოგვყევით