logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საერთაშორისო ბაზარზე, ქართული ღვინის რეალიზაციას დაბალი ცნობადობა აფერხებს - იაგო ბიტარიშვილი

საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის რეალიზაციას დაბალი ცნობადობა აფერხებს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" ბიომეღვინე, "იაგოს ღვინოს" დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე წელში ქართული ღვინისათვის ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა სამხრეთ კორეა იქნება.

"ყველაფერი კომპლექსურად უნდა მოხდეს. როგორც ვიცი, ღვინის ეროვნული სააგენტო საკმაოდ აქტიური აქტივობები აქვს სამხრეთ კორეაში, რაც ვიმედოვნებ, რომ გამოიწვევს ცნობადობის იმ ნიშნულამდე გაზრდას, რაც ქართული ღვინის გაყიდვებს ხელს შეუწყობს. ზოგადად, წინა წლებთან შედარებით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის მიმართ პოზიტიური ზრდა არ შეინიშნება, სტაბილური მოთხოვნაა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია იმ ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში მოხდა", - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

"იაგოს ღვინის" დამფუძნებლის ცნობით, ამჟამად, მეღვინეობა ექსპორტზე  11 ქვეყანაში გადის, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, დანია, გერმანია ,ესპანეთი, იაპონია, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ.

"წლევანდელი მოსავალი როგორ რაოდენობის, ისე ხარისხის მაჩვენებლით წინა წელთან შედარებით უკეთესია. ჩვენ 4 ჰექტარი გვაქვს და წელიწადში 8 000-დან 10 000-ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქციის თითქმის 100% ექსპორტზე იყიდება. ამჟამად 11 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილები. ახალ ბაზრებს არ ვეძებთ, რადგან ვერ შევძლებთ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ჩვენი წარმადობიდან გამომდინარე. ჩვენს ექსპორტში აზიური ქვეყნების წილი 15-20%-ს შეადგენს. გარდა ამისა, სამხრეთ კორეაში სატესტო პარტიები გავგზავნეთ, თუ ბაზარი ისეთი პოზიტიური იქნება, როგორც ჩანს ამ ეტაპზე,  შესაძლოა აღნიშნულ ქვეყანაში აქტიური გაყიდვები დავიწყოთ.  ინტერესი არის, უბრალოდ აზიას ძალიან გაუჭირდა ლოგისტიკის თვალსაზრისით. წითელ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო საკმაოდ გაძვირდა ტრანსპორტირება", - აცხადებს "იაგოს ღვინის" დამფუძნებელი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - იაგო ბიტარიშვილის თქმით, მეღვინეობა ადგილობრივ ბაზარზე, სავარაუდოდ, 2026 წლიდან გაიყიდება.

გვინდა, რომ ქართულ ბაზარზეც ვიყოთ წარმოდგენილები. ახალი ვენახი გავაშენეთ და როდესაც მსხმოიარობაში შევა, შემდეგ შეგვეძლება ადგილობრივ ბაზარზე მცირე ოდენობით შემოსვლა“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილს ბიომეურნეობა  - ვენახი მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს გაშენებული.  ღვინო ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში მზადდება.

გამოგვყევით