logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ქართველმა მოგზაურებმა ახალი მიმართულებების აღმოჩენა დაიწყეს" - Go Tour

საქართველოში ტურისტული პაკეტების გაიაფების მოლოდინია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Go Tour-ის დირექტორმა ნინო წიკლაურმა განუცხადა, ამჟამად, ზაფხულის სეზონთან შედარებით, ფასები დასტაბილურებულია.

მისი თქმით, ზაფხულში ტურისტული პაკეტების ფასები, მაგალითად, თურქეთის მიმართულებით, გაზრდილი იყო საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში. მოგზაურობა გაძვირებული იყო სხვა მიმართულებებითაც.

„ფასები შემოდგომაზე რაღაცნაირად დასტაბილურებულია, ეს ეხება უფრო ბიუჯეტურ ტურებს, რაც მოიცავს ქუთაისიდან ფრენებს. ველოდები, რომ მომდევნო თვეებში ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და მეტიც, ვიმედოვნებ, რომ მოგზაურობის გაიაფების შესაძლებლობაც იქნება“, - აღნიშნავს ნინო წიკლაური.

მისივე განმარტებით, ტურის შედგენისას, ფასზე მთავარ გავლენას ავიაბილეთის ღირებულება ახდენს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, სასტუმროებიც გაძვირებულია, ტურის შედგენას  ავიაბილეთის ფასიდან მაინც ვიწყებთ . ამიტომ, ის, რომ ქართულ ავიაბაზარზე დაანონსდა ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, მათ შორის - easyjet- ის, ვფიქრობ, ეს გაზრდის კონკურენციას, გამოიწვევს ავიაბილეთების ფასების დასტაბილურებას და გაიაფებასაც კი“, - განმარტავს Go Tour-ის დირექტორი.

წიკლაური მიმდინარე წლის ზაფხულის ტენდენციებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოდან სამოგზაუროდ სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის, გაყიდული ტურ-პაკეტების მაჩვენებელი კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 20-25%-ითაა გაზრდილი. მისივე ინფორმაციით, ზაფხულის თვეებში, ტოპ მიმართულებებს შორის, ტრადიციულად, თურქეთი ლიდერობდა. მოთხოვნადი იყო ეგვიპტე და ევროპის საზღვაო კურორტებიც.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიებში ამბობენ, რომ შემოდგომის ჯავშნების მიღება აქტიურად მიმდინარეობს და აქაც ზრდის მაჩვენებლები აქვთ. ჯავშნები კეთდება საშობაო და საახალწლო პერიოდზეც - უმეტესად ევროპულ დედაქალაქებში, რომლებიც საახალწლოდ განსაკუთრებით იზიდავს ქართველ დამსვენებლებს, საშობაო მარკეტების გამო.

„თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში, ქართველი ვიზიტორები, როგორც მოგზაურები ძალიან გაიზარდნენ და ახალი მიმართულებების აღმოჩენა დაიწყეს. მათ გარკვეულ ნაწილს ევროპა უკვე ნანახი აქვს, დაუგროვდა გარკვეული ცოდნა და გამოცდილებაც, ამიტომ ახლა, მათთვის საინტერესო ეგზოტიკური მიმართულებებია. ამ ჭრილში, მიმდინარე წელს განსაკუთრებით მოთხოვნადია - ზანზიბარი, ინდონეზია, შრი-ლანკა, სეიშელის კუნძულები, ეთიოპია, მალდივები“, - განაცხადა ნინო წიკლაურმა.

მისივე განმარტებით, ტურისტული კომპანიები მომხმარებლების ინტერესებს მოერგნენ და ახალი ტურისტული პაკეტები შეიმუშავეს, მათ შორის ჯგუფური ტურების კუთხით, რაც ბოლო დროს ისეთივე მოთხოვნადი ხდება, როგორიც ინდივიდუალური მოგზაურობა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360 ათასზე მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გამოგვყევით