საქართველოდან თაფლის ექსპორტი კიდევ შემცირდა. კერძოდ, საქსტატის 2024 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე საქართველოდან ექსპორტირებულია 217 ათასი დოლარის ღირებულების 24 ტონა თაფლი, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 690 ათას დოლარამდე ღირებულების, დაახლოებით, 97 ტონა თაფლი იყო ექსპორტირებული.
„ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში, მეფუტკრეები ამბობენ, რომ ექსპორტში კლების მიზეზი წინა წელს დაფიქსირებული ცუდი კლიმატური პირობები გახდა, რის გამოც, საექსპორტო ქვეყნებს საჭირო რაოდენობის თაფლი ვერ მიაწოდეს და წელს, ეს ბაზრები სხვა მომწოდებლებზე გადაერთვნენ.
მეურნეობა „რუხი დედოფალი”-ს დამფუძნებლის თამარ კვარაცხელიას თქმით, წელს შედარებით უკეთესი ამინდები იყო, შედეგად თაფლის წარმოებაც გაიზარდა, თუმცა ამჟამად, მეფუტკრეებს საექსპორტო ბაზრების მოძიება უჭირთ. ევროპული ბაზარი, უმეტესად, დაბალბიუჯეტურ თაფლზე გადაერთო, ქართული თაფლი კი თავისი ხარისხიდან გამომდინარე, მაღალ საფასო სეგმენტში გადის. გარდა მაღალი ღირებულებისა, ქართული თაფლის ექსპორტისთვის დაბრკოლებაა მცირე წარმოებაც.
„უნდა შევძლოთ რამენაირად კონკურენცია გავუწიოთ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასს თაფლის ექსპორტთან მიმართებით და ამისთვის, ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი საშუალება ის იქნება, რომ გავხსნათ დიდი კოოპერატივები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ექსპორტზე და ფასის დასტაბილურებაც უფრო რელევანტური გახდება, რადგან სხვა შემთხვევაში, ცოტა რთულია, რომ საკმაოდ დიდ მწარმოებლებს გაუწიოს საქართველომ კონკურენცია“, - აღნიშნა თამარ კვარაცხელიამ.
მისივე თქმით, აქამდე ქართული თაფლი გადიოდა აზიის ქვეყნებში, საფრანგეთში, ჩეხეთში, საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითში, გაერთიანებულ საამიროებში...
„წელსაც ჩვენმა კომპანიამ ძალიან მცირე რაოდენობით, წლის დასაწყისში, გაიტანა თაფლი და თაფლის კოსმეტიკა უცხოურ ბაზრებზე, თუმცა, ბოლო ექსპორტი მარტის თვეში განვახორციელეთ და ამის შემდეგ, სამწუხაროდ, აღარ გვქონია ექსპორტი“, - განმარტა „რუხი დედოფალი”-ს დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, მეფუტკრეების ინფორმაციით, ქვეყანა, ამჟამად, წლიურად 3000 ტონამდე თაფლს აწარმოებს და არსებობს რესურსი რომ ეს მაჩვენებელი 2-ჯერ და სამჯერ გაიზარდოს. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან თაფლის ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ უცხოურ ბაზრებზე 258 ტონა თაფლი გაყიდა.