logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სარწყავი ფართობების გვერდით არსებული ტბორები, შესაძლოა, "საქართველოს მელიორაციის" საკუთრებაში გადმოვიდეს - გიგლა თამაზაშვილი

"საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორის გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, სექტორში დაწყებული რეფორმები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზეა ორიენტირებული.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, 2026 წლისთვის კი სარწყავი ფართობების გაზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

"მელიორაცია სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. 2025 წელს მელიორაციაში მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო. აღნიშნული მოიცავდა სტრუქტურულ რეორგანიზაციას და ისეთი მიმართულებების ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მომსახურების ხარისხის აწევაზე. შესაბამისად, რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა ისეთი მიდგომები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლის მელიორაციისთვის. 

დღევანდელი, მათ შორის, გლობალური გამოწვევების ფონზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რაციონალურად განაწილების საკითხს.  საქართველოს მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში წყლის რესურსების კუთხით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წყლის რესურსი ამოწურვადი არ არის და მას არ სჭირდება სწორი დაგეგმვა და მენეჯმენტი. 

გამართული, თანამედროვე სარწყავი სისტემა პირდაპირ კავშირშია უხვ მოსავალთან და დაბალ ფასებთან, ამიტომაც მელიორაცია ახალი პროდუქტებს და მიმართულებებს გეგმავს. 2025 წელს მელიორაციის ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდული ფართობის ტერიტორია მოირწყა - 74 000 ჰა. 2026 წლის ჩვენი გეგმა გახლავთ 83 000 ჰა ფართობის მორწყვა, რა თქმა უნდა, იმ მორწყვის ციკლების დაცვით, რომელიც განსაზღვრულია სემეკის მიერ. ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს მინიმუმ 4-ჯერ 2 კვირის განმავლობაში უნდა მივაწოდოთ წყალი. 

თუ ჩვენ მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე ვიქნებით დამოკიდებული ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ ფერმერების მოთხოვნებს, რადგან ჩამონადენების გადანაწილება წლის განმავლობაში ძალიან ერთგვაროვანია. ამიტომ, მელიორაციამ აქცენტი აიღო ტბორებისა და წყალსაცავების შექმნაზე. ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიგვაჩნია ის, რომ კახეთში იგეგმება ილტოს წყალსაცავის მშენებლობა. ამიტომაც დავაინიცირეთ ლაკბის წყალსაცავის მოდერნიზაციის საკითხი. ამიტომაც ვითხოვთ და მიდის მოლაპარაკებები, რომ ის ტბორები, რომლებიც სარწყავი ფართობების გვერდით არსებობს,  გადმოვიდეს "საქართველოს მელიორაციის" საკუთრებაში, რათა აკუმულირებული წყლის მეშვეობით ფართობები ჩვენ მოვრწყათ", - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

გამოგვყევით