logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"სატაცურის მოსავალი გავზარდეთ, მაგრამ ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია"- რკ ოზაანი

ტროპიკული ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის, ‘’რკ ოზაანის“ გამგეობის თავმჯდომარე ჯაბა გოგოლაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ახალი სატაცური  დახლებზე ორიოდე კვირაში გამოჩნდება. კომპანია მოსავლის აღებისთვის სამზადისს შეუდგა. გოგოლაშვილის ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი 9 ტონამდეა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2 ტონით აჭარბებს.

რაოდენობის ზრდას კონკრეტულ შემთხვევაში სატაცურის მეურნეობის გაფართოებას უკავშირდება. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ნათესი ფართობის მოცულობა დაახლოებით 1 ჰექტარით გაიზარდა 7 ჰექტარი შეადგინა.

ქართული სატაცურის რეალიზაციას მეწარმე ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად ქსელურ მარკეტებში გეგმავს.

პროდუქტის სავარაუდო ფასი საბითუმო ბაზარზე 12-15 ლარის (1 კგ)  ფარგლებშია, თუმცა საცალო ღირებულება 25 ლარამდე (1 კგ)  აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო დროს იგი საკმაოდ პოპულარულია და უკვე აგრარულ ბაზრებშიც უფრო მეტად გვხვდება, გოგოლაშვილის ინფორმაციით, მას დღესდღეობით მოსახლეობის დაახლოებით 50% იცნობს.

‘’პროდუქტის მოცულობას ვზრდით და ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნაც ნელ-ნელა მოიმატებს. ცნობადობა ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ დაბალია, მოსახლეობის ნახევარს ტროპიკულ ბოსტნეულზე, მათ შორის, სატაცურზე წარმოდგენა არ აქვს.

საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით, ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, არ გვაქვს იმ მასშტაბის წარმოება, რომ გლობალური ბაზრების მომარაგება შევძლოთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საკითხსაც განვიხილავთ. შიდა ბაზარზე რეალიზაციის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ჩვენი პროდუქტი ხარისხით გამოირჩევა და სტანდარტს ასე პროცენტით  პასუხობს", - აცხადებს  ჯაბა გოგოლაშვილი.

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0,5 მილიონი ლარია.

‘’ოზაანმა“ სატაცურის რეალიზაცია 2018 წლიდან დაიწყო.  ამ ეტაპზე მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. თუმცა პარალელურად აწარმოებს ტროპიკული ბოსტნეულის ისეთ სახეობებს, როგორიცაა კუკამელონი და კივანო.

გამოგვყევით