logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

1762255467

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიოტექნოლოგიური საშუალებები მებაღეობის მდგრადობისთვის: მინი-კივის (Actinidia arguta Planch) პოპულარიზაცია კლიმატის ცვლილების კონტექსტში“ გაიმართა.

„მინი-კივი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მრავალწლოვან  კულტურად გვესახება საქართველოს პირობებში. კვლევა, რომელსაც ცენტრი 2019 წლიდან ახორციელებს, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცნიერებამ პრაქტიკულად შეუწყოს ხელი სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციას და კლიმატის ცვლილების პირობებში ახალი კულტურების დანერგვას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაურიძემ.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოწვეული მკვლევარები  მოლდოვას  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  სომხეთის  აგრარული უნივერსიტეტიდან,  ასევე, საქართველოს სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მოცემული კულტურის მიმართულებით  საკუთარი კვლევების პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კონფერენციაზე მეხილეობის კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა ზვიად ბობოქაშვილმა და ელენე მაღლაკელიძემ საქართველოში მინი-კივის ინტროდუცირებული  ჯიშების, მათი  გამრავლებისა და აგრონომიული თავისებურებების შესახებ  კვლევის  მიმდინარე დაკვირვების  შედეგები წარმოადგინეს.

„აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი ეტაპია მინი-კივის პოპულარიზაციისა და პრაქტიკაში დანერგვის პროცესში. ჩვენი მიზანია, ფერმერებს მივაწოდოთ გარემოს მიმართ ადაპტირებული ტექნოლოგიები, რომლებიც რეალურად გაზრდის წარმოების  მდგრადობას, მრავალფეროვნებას  და ეკონომიკურ ეფექტიანობას“, - აღნიშნა ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები დაათვალიერეს ცენტრის წილკნის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები და ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2019 წლიდან ახორციელებს  ახლად ინტროდუცირებული მინი-კივის (Actinidia arguta Planch)  კულტურის  კვლევას, რომლის მიზანია საქართველოში ამ კულტურის ადაპტაციისა და გამრავლების ტექნოლოგიური მეთოდოლოგიების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი კულტურების გავრცელებას  და მრავალწლოვანი კულტურების დივერსიფიკაციას.

პროექტი „ბიოტექნოლოგიური საშუალებები მებაღეობის მდგრადობისთვის, ისეთი არატრადიციული სახეობების, როგორიცაა მინი-კივი (Actinidia arguta Planch), პოპულარიზაციის გზით კლიმატის ცვლილების კონტექსტში“ (NARD-24-233) ფინანსურად მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მოლდოვას კვლევისა და განვითარების  ეროვნული სააგენტოს მიერ.

გამოგვყევით