logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

წელს, ქართული მოცვი ექსპორტზე 17 ქვეყანაში გავიდა - "რეკორდული მოსავალი მივიღეთ"

დაახლოებით 4 წლის წინ, ქართული მოცვი ექსპორტზე მხოლოდ 2 მიმართულებით, კერძოდ - რუსეთსა და დუბაიში გადიოდა, წელს კი, საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საექსპორტო არეალის ზრდის შესაძლებლობა ქვეყანას რეკორდულად გაზრდილმა მოსავალმა მისცა. კერძოდ, 2026 წელს საქართველოში, ჯამში, 12 ათასი ტონა მოცვი დაიკრიფა.

„აქედან, 10 ათასი ტონა ექსპორტზე გავიდა - მათ შორის ისეთ ბაზრებზეც, როგორებიცაა: სინგაპური, ინდოეთი, ჰონკონგი და თურქეთი. რაც შეეხება დანარჩენ 2 ათას ტონას, მისი რეალიზაცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე მოხდა“, - განმარტა საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შოთა ცუკოშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ 2027 წლის საპროგნოზო მოსავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წელს, ასოციაცია 14-15 ათას ტონამდე მოსავალს ელოდება.

საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სექტორში ამჟამად არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მიუხედავად ამ ინდუსტრიაში უკვე დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნისა, მაინც რჩება რიგი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც უახლოეს პერიოდში აუცილებელი იქნება. კერძოდ, ეს ეხება სამაცივრე მეურნეობების დეფიციტს, ასევე - აეროპორტებში სატვირთო ტერმინალების სიმცირეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსავლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის.

მოცვის მოსავლის ხარისხზე ნეგატიურად აისახება უხვი ნალექიც. ამიტომ, ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია გეგმავს, რამდენიმე ფერმაში სატესტო რეჟიმში დაამონტაჟოს ე.წ წვიმისგან დამცავი ბადეები, რაც მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

გამოგვყევით