„პრემიუმ უზბეკისტან“ არის უზბეკეთში დაფუძნებული პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ეროვნულ მემკვიდრეობას თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს უთავსებს.
კომპანია სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის სასმელების შექმნაზე, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოსტატობას, ხარისხის სტაბილურობასა და მუდმივ განვითარებას. წამყვან საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა და მიღებული აღიარება ადასტურებს კომპანიის ერთგულებას მაღალი სტანდარტებისადმი და მის სურვილს ღირსეულად წარმოადგინოს უზბეკეთი მსოფლიო ასპარეზზე.
„პრემიუმ უზბეკისტან“ საერთაშორისო კონკურსზე IWSC in Georgia პირველად მონაწილეობდა და გამარჯვებულებს შორის თამამად დაიკავა ერთ-ერთი ღირსეული ადგილი - კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყველა ნიმუში დაჯილდოვდა.
კონკურსში მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ, ინტერვიუ ვთხოვეთ „პრემიუმ უზბეკისტანის“ კომერციულ დირექტორს, ვალერი ხეგაის. ის პასუხისმგებელია კომპანიის კომერციული სტრატეგიის ფორმირებაზე, ბრენდების გლობალური პოზიციონირების გაძლიერებასა და მათ წარმოდგენაზე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
რატომ მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება?
კონკურსში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება შემოთავაზებიდან მოკლე დროში მივიღეთ, რადგან ჩვენთვის IWSC-ის კონკურსი ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და ობიექტურ საერთაშორისო პლატფორმად მიიჩნევა. თანამშრომლობის სურვილი ეფუძნებოდა ჩვენთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: ობიექტურ პროფესიულ დეგუსტაციასა და საერთაშორისო ჟიურის მიერ ექსპერტული შეფასების კომბინაციას.
გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სასმელების ხარისხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი შეფასების მიღება და იმის გააზრება, რამდენად კონკურენტუნარიანია ისინი გლობალურ ბაზარზე. IWSC-ში მონაწილეობა მხოლოდ შეჯიბრი არ არის, არამედ შესაძლებლობაა, დავადასტუროთ, რომ უზბეკეთში წარმოებული სასმელები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
თქვენ პირველად მონაწილეობდით კონკურსში და თქვენს მიერ წარმოდგენილმა ყველა სასმელმა ჯილდო მოიპოვა. როგორ აფასებთ ამ შედეგს?
პირველი მონაწილეობისთვის მიღებულმა შედეგმა ჩვენს მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ყველა წარმოდგენილი ნიმუშის დაჯილდოება, ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობის მაღალი შეფასება და მნიშვნელოვანი აღიარებაა — წარმოებიდან დაწყებული, ხარისხის ფინალური კონტროლით დასრულებული.
ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ კონკურსის ორგანიზებით, ჟიურის პროფესიონალიზმითა და მათი ექსპერტული დონით და ზოგადად, ღონისძიების საერთო ატმოსფეროთი. განსაკუთრებულად ღირებული იყო წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართული ცოცხალი დისკუსიები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული შეხვედრები.
IWSC ეს არის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად აერთიანებს ინდუსტრიას და განსაზღვრავს განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს.
რა გეგმა გაქვთ მომავალში? როგორ გაგრძელდება თქვენი თანამშრომლობა და გეგმავთ თუ არა მომავალში მონაწილეობას?
უდავოდ, IWSC-ში მონაწილეობა ჩვენთვის ერთჯერადი მოვლენა არ ყოფილა. ჯილდოების მიღება - ჩვენთვის არ ნიშნავს წინსვლის გზების ძიების დასასრულს, არამედ ეს არის სრულყოფის ახალი ეტაპი. ჩვენ ვგეგმავთ კონკურსში მომავალშიც მონაწილეობას, ახალი პროდუქტების წარდგენასა და არსებულის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
ამასთან, IWSC-ის გამოცდილება გვაძლიერებს ექსპორტის მიმართულებით და გვაძლევს დამატებით მოტივაციას საერთაშორისო ბაზრებზე ბრენდის პოზიციონირების გასამყარებლად. ჩვენ ამ კონკურსს გრძელვადიან პარტნიორად და ჩვენი ხარისხისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან ორიენტირად მივიჩნევთ.