Mimirex - marketplace, რომელიც აკავშირებს ტექ.ინდუსტრიაში კარიერის დაწყების, მასში მიგრაციის ან ტექნოლოგიური/სამეწარმეო უნარების გაძლიერების მსურველ მომხმარებლებს აღნიშნულ სფეროში გამოცდილ პროფესიონალებთან რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა.
როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა გიორგი ბურდულმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ამ ეტაპზე პლატფორმას 50-მდე ექსპერტი ჰყავს.
"გვქონდა 10-მდე გაყიდვა და ძირითადად იყვნენ საცალო მომხმარებლები, ბიზნესის მხრიდან დაინტერესება ჯერჯერობით არ ყოფილა. ყველაზე მოთხოვნადი სერვისებია იურიდიული და საბუღალტრო მომსახურებები, ქოუჩინგი, საინვესტიციო წინადადების, თუ პრეზენტაციების მომზადება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ექსპერტების მხრიდან შევავსოთ პლატფორმა, ვცდილობთ, რომ მრავალფეროვანი ექსპერტი გვყავდეს, რათა მიწოდების ნაწილი გავზარდოთ. სერვისის საფასური არის საათობრივი ანაზღაურებით, ექსპერტს უკავშირდები ის გიწევს შესაბამის კონსულტაციას, გასწავლის ან გამოცდილებას გიზიარებს და გადახდა ხდება შემდეგ, ონლაინ. ჩვენ ვართ დამაკავშირებელი პლატფორმა.
ამ ეტაპზე ვართ დაკავებული იმით, რომ მეტი ექსპერტი გვყავდეს და წლის განმავლობაში გვინდა, რომ ქართული ბაზარი მთლიანად ავითვისოთ. რა კატეგორიებშიც უფრო მეტად იქნება გაყიდვები - დავამატოთ, სანამ არ გაჯერდება ბაზარი. შემდეგ გვინდა აქ გატესტილი მოდელი გადავიტანოთ გაცილებით დიდ, უცხოურ ბაზარზე. ჩვენ მოვიაზრებთ ისეთ ბაზრებს, რომლებიც საქართველოს ჰგავს. პოსტსაბჭოთა სივრცე, აზიის მხარე ამ მხრივ სრულიად გაუჯერებელია და მოთხოვნა დიდია. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ინგლისურენოვანი marketplace ავითვისოთ, სადაც ინგლისურენოვანი მომხმარებლები და ექსპერტები ერთმანეთს ესაუბრებიან და ერთმანეთისგან სარგებელს მიიღებენ", - აცხადებს გიორგი ბურდული.
ცნობისთვის, სტარტაპი Mimirex საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.