არ შეიძლება თბილისში ერთი და იგივე ინტერნეტ სერვისი 70 ლარი ღირდეს, ხოლო რეგიონებში 30 ლარი. ანომალიაა. რეგიონებში, რომ ჩავიტანო მინიმუმ წაღების ფული უნდა დავამატო იმიტომ, რომ ტრანზიტი 1 მგ-ის 50 თეთრი ღირს, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ „მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ პრეზიდენტმა უჩა სეთურმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თუ სოფლებში ინტერნეტ სერვისების ღირებულება არ გაიზარდა, ეს საშუალოვადიან პერიოდში კომპანიებს გამოწვევების წინაშე დააყენებს.
"მთავარი გამოწვევა არის რეგიონებში დაბალი ფასი. ქალაქში გასაგებია, რომ მაღალი ფასების და შეღწევის პრობლემის და გამოწვევების გამო ვერ შედიოდა საშუალო ბიზნესი და მაღალი ფასები შენარჩუნდა, თუმცა ბოლო მომხმარებლების, ფიზიკური სეგმენტის ფასები არის იმდენად ფასებზე არაორიენტირებული, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებას. თუ არ მოხდა ცვლილებები ეს ფასები არ მივიდა რეალურ ხარჯებზე, რაც ოპერატორებს აქვთ, მათი არსებობა რეგიონებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ისინი მაქსიმალურად მორგებულები არიან მომხმარებელზე და დაზიანებები წუთებში აღმოიფხვრება, ეს ყველაფერი კი კეთდება სტრესულ პირობებში. ინტერნეტის ფასი როცა უნდა იყოს 30-35 ლარი, არის 22 ლარი. სხვაობის ეს მარჟა საშუალოვადიან პერიოდში კლავს კომპანიებს და გვინდა, რომ ამაზე ვიზრუნოთ.
მეორე საკითხია დემპინგური ფასები, რომლებიც ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა, მაგრამ ისტორიული შლეიფი მოყვება და მოცემულობა ჩამოაყალიბა. დამეთანხმებით, რომ დემპინგის პირდაპირი უარყოფითი შედეგია კონკურენტების ჩამოცილება. სამწუხაროდ, ეს ფასები გვაქვს დიდი ოპერატორებისგან და იმედი გვაქვს, რომ ეს რაღაცნაირად დალაგდება და ყველა შეთანხმდება იმაზე, რომ რაც რეალურად ჯდება სერვისი იმ თანხაში ჩაეტიონ. მომხმარებლები ხეირობენ ასეთ დროს, მაგრამ ბაზარი კვდება. თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ, ალტერნატივები ვერ იარსებებს.
ინტერნეტტრაფიკის სიმძიმის კუთხით გვაქვს ქუთაისი, ბათუმი, თბილისი და რუსთავი. მათი გადაბმის პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება. უღელტეხილი გადმოკვეთილია და ბევრი აღარ დარჩა. ჩემთვის ამით გზა გაიხსნება. მაგალითად, მე თუ ვოპერირებ ქუთაისში, ბათუმში, ან ფოთში შემეძლება თბილისში გავყიდო სერვისები ძალიან მარტივად და ერთ ღილაკზე დაჭერით. ეს ალტერნატივებს აჩენს მომხმარებლებისთვის. არ შეიძლება თბილისში ერთი და იგივე ინტერნეტ სერვისი 70 ლარი ღირდეს, ხოლო რეგიონებში 30 ლარი. ანომალიაა. რეგიონებში, რომ ჩავიტანო მინიმუმ წაღების ფული უნდა დავამატო იმიტომ, რომ ტრანზიტი 1 მგ 50 თეთრი ღირს", - აცხადებს უჩა სეთური.