ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია “მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” გრძელდება. მორიგი შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდულ ცენტრში. პროექტი, საერთო ჯამში, აჭარის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს დაფარავს.
ღონისძიების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია, დაინტერესებული პირები გაეცნენ სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარს და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაციას, შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი.
“აჭარა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც ბიზნესი საკმაოდ ძლიერი და აქტიურია. ინოვაციების დანერგვის ყველაზე დიდი საჭიროებაც, ეკონომიკურად აქტიურ რეგიონებშია. უამრავი ახალგაზრდა დაესწრო ჩვენს ღონისძიებას, დაინტერესდნენ ინოვაციებით, ტექნოლოგიებითა და განსაკუთრებით ჩვენი ღონისძიების პრაქტიკული ნაწილით, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ, 3D პრინტერი და სხვა მაღალტექნოლოგიური დანადგარები პრაქტიკაში გამოეცადათ. იმედია მაქვს, თითოეულ მათგანს ვიხილავთ ტექნოპარკებში, ჩვენს პროექტებში და ერთად გავაგრძელებთ ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში მოგზაურობას, რათა კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ საქართველოში არსებული ბიზნესების ყოველდღიურობა” - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ზურა ძიძიგურმა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონების მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაა.
პროექტის პარტნიორები არიან - სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, ალტა, გამომცემლობა "ლურჯი ოკეანე", კომპანია “ნატახტარი”, "ჩემპი".