ჩვენ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაო ჩავატარეთ. ბოლო პროცესები სრულდება ახლა, - ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ „ბიზსნეპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, უკვე გახსნის თარიღის ჩანიშვნაზე მიდის მსჯელობა.
„გახსნის თარიღი დამოკიდებულია ძალიან ბევრ საკითხზე გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი ინტერესია საერთაშორისო მასშტაბით, ამ გახსნაში მონაწილეობის მიღების კუთხით. მსოფლიო ბანკიდან დაწყებული გაგრძელებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნებით, მეზობელი ქვეყნებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებით, ასევე აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი - ყველა დაინტერესებულია ამ ჰაბით. ეს არის აბსოლუტურად ახალი სიტყვა და პოზიციონირება ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესის. ამასთან, თვითონ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას პირველ რიგში ქუთაისის მოსახლეობისთვის. ის წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებს აძლევს თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ მიიღოს განათლება, მიიღოს წვდომა წამყვან ტექნოლოგიურ რესურსებზე, ლაბორატორიებზე“,- განმარტა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე თქმით, 11-ზე მეტი ლაბორატორია იქნება ტექნოლოგიურ ჰაბში წარმოდგენილი. „ამასთან, იქ იქნება წარმოდგენილი „თუმოს“ საერთაშორისო, კრეატიული სკოლა, ასევე ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის აბსოლუტურად შთამაგონებელი და ანახვებს იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომლის მონაწილეც შემდგომში, ეს ახალგაზრდები თავად უნდა გახდნენ“, - განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს რეგიონების კიდევ უფრო ინტეგრირებას ჩვენი ინოვაციური ეკოსისტემის წარმატებულ განვითარებაში, რაც დედაქალაქში უკვე არის.