logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

საერთაშორისო კონფერენციაზე გამარჯვებული ქართული ვიდეოთამაში 15 საათიანი იქნება და ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება

ისტორიაში პირველად, ქართულმა ვიდეოთამაშმა - სახელწოდებით Dumbriel, საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე  გაიმარჯვა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ აღნიშნული ვიდეოთამაშის შემქმნელი სტუდია MadMoa-ს დამფუძნებელმა - გიორგი ჭყრუნიშვილმა განუცხადა, მიღწეული წარმატება, არა მხოლოდ მათი სტუდიისთვის, არამედ სრულიად ქართული ვიდეოთამაშების ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველ დეველოპერებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

„მნიშვნელოვანია, როცა ასეთი დონისა და მასშტაბის კონფერენციაზე თუნდაც ერთი ქართული პროექტი იმარჯვებს, რადგან საერთაშორისო ინვესტორებსა, თუ პარტნიორებს აჩვენებს, რომ საქართველოში შესაძლებელია მაღალი ხარისხის ვიდეოთამაშების შექმნა“, - განმარტა გიორგი ჭყრუნიშვილმა.

რაც შეეხება გამარჯვებული თამაშის შინაარსს, როგორც სტუდია MadMoa-ს დამფუძნებელი ამბობს, Dumbriel-ი კომიკური ელემენტების მქონე, სათავგადასავლო თამაშია. სიუჟეტში თავად მოთამაშე -  ჯოჯოხეთში პატარა ანგელოზით გადაადგილდება და მას არა ერთი დაბრკოლების გადალახვა უწევს, რათა სამოთხეში დაბრუნდეს.

როგორც ჭყრუნიშვილი აღნიშნავს, ამჟამად, Dumbriel-ის მხოლოდ DEMO ვერსიაა მზად და დაფინანსების მოძიებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რათა ვიდეოთამაში დროულად დასრულდეს. არსებული გეგმებით, Dumbriel საბოლოო ჯამში 15 საათიანი იქნება და ოფიციალურად ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება.

სტუდია MadMoa-ს დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში ვიდეოთამაშების ინდუსტრიის განვითარების პოტენციალზეც ისაუბრა.

„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მთელ მსოფლიოში, ვიდეოთამაშებზე მოთხოვნა რეკორდულადაა გაზრდილი, საქართველოს აქვს რესურსი შექმნას ამ ტიპის თამაშები და გლობალურ ბაზარს მიაწოდოს. მსგავსი პრეცედენტები უკვე არსებობს. მაგალითად ჩვენ გვაქვს დაკვეთები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. უმეტესად ვთანამშრომლობთ პოლონურ სტუდიასთან, რომელთანაც რამდენიმე პროექტი უკვე წარმატებით დავასრულეთ და ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნა სტუდია MadMoa-ს დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, კონფერენცია Digital Dragons, რომელზეც ქართულმა თამაშმა ჯილდო მოიპოვა, ყოველწლიურად პოლონეთში ტარდება და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციად მიიჩნევა. აქ მიღწეული წარმატება კი საქართველოს, თამაშების ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე გამოჩენაში დაეხმარება.

გამოგვყევით