logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"ტექნოლოგიების ასოციაციის" შექმნა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას ხელს შეუწყობს" - თორნიკე სულაბერიძე

საქართველოში პლატფორმა "ტექნოლოგიების ასოციაცია" შეიქმნა, რომელიც ერთ ეკოსისტემაში პირველად  აისიტისა (ICT/IT) და ფინტექის (Fintech) სექტორებს, ტექ.განათლებას, ციფრულ ბანკებსა და ვირტუალური აქტივების სფეროს აერთიანებს.

გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ტექნოლოგიების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე აღნიშნავს, რომ ასოციაციის შექმნა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას ხელს შეუწყობს.

"მოდიოდა ინტერესი, რომ საქმიანობა გაგვეერთიანებინა, რომ ფრაგმენტულად ყველა სექტორი თავისთვის არ მდგარიყო - ერთიანი ხედვაა საჭირო, რადგან საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას სწორედ აღნიშნული მიმართულებები ქმნიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ახალი პლატფორმით, რომელიც "ტექნოლოგიების ასოციაციაა"  ყველა მიმართულება გაგვეერთიანებინა. ერთი ქოლგის ქვეშ ეროვნულ მასშტაბზე შევიმუშავებთ სტრატეგიას, რომელიც სამომავლოდ საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამასთან, ჩვენს წევრებსაც შესაძლებლობა ექნებათ ცოდნა და პარტნიორობა ერთმანეთს გაუზიარონ.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე უკვე გაჩნდა.  მომსახურებას ვუწევთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: აშშ, დიდ ბრიტანეთი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები", - აღნიშნავს თორნიკე სულაბერიძე.

ტექნოლოგიების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე კადრების საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს ტექნოლოგიურ სექტორში დაახლოებით 52 000-მდე ადამიანია დასაქმებული. თორნიკე სულაბერიძის შეფასებით, დასაქმებულთა მაჩვენებლის 3-ჯერ გაზრდა შესაძლებელია, რადგან სფეროს მიმართ ინტერესი იზრდება.

"ჩვენი სფეროთი სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, სექტორი საკმაოდ პოპულარულია. დღეს ტექნოლოგიების მიმართულებით 12 000-მდე ადამიანი სწავლობს, მაშინ როცა 10 წლის წინ ეს მაჩვენებელი 1 500-ს შეადგენდა", - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.

გამოგვყევით