"ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება, ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად და დააკმაყოფილოს წესით დადგენილი მოთხოვნები,"- ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს იმის საპასუხოდ, თუ როგორ შეესაბამება Tether-ის მიერ ლარის ციფრული ანალოგის (GELt) გამოშვება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას და ექნება თუ არა რაიმე გავლენა ინფლაციასა და ლარის კურსზე.
როგორც მარეგულრებელში აცხადებენ, აღნიშნული მოთხოვნები მოიცავს:
• კაპიტალის მოთხოვნას - მინიმუმ 500 000 ლარის ოდენობით, რომელიც არის მზარდი რეზერვების მოცულობიდან გამომდინარე;
• 100% რეზერვების მოთხოვნა, რომელიც უნდა ინახებოდეს ლიკვიდურ აქტივებში, როგორიცაა დეპოზიტი და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;
• მომხმარებელთა უფლება ნებისმიერ დროს გამოისყიდოს/გადაცვალოს სტაბილური ვირტუალური აქტივი;
• მოთხოვნები კორპორატიულ, საოპერაციო და კიბერ რისკების მართვაზე, ასევე, ინფორმაციის გამჟღავნების, აუდიტის მოთხოვნები და სხვა.
რაც შეეხება იმას, თუ რა პრაქტიკული სარგებელი ექნება ამას ბიზნესისთვის და ეს იქნება მხოლოდ საინვესტიციო ინსტრუმენტი თუ გადახდის საშუალებაც, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ "სთეიბლქოინები" როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო და შიდა გადარიცხვებისთვის, ეს არის გადარიცხვების გაიაფების და ამ სფეროში კონკურენციის გაზრდის საშუალება.
"ამასთან, არის მეტად დაცული და ხელს უწყობს ფინანსურ ინკლუზიურობას, გადახდების სისტემის მდგრადობასა და დოლარიზაციის შემცირებას. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ GEL₮ პოზიციონირებული იქნება როგორც აქტივი, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს და რომელიც სარგებელს მოუტანს ვირტუალური აქტივების მომსახურების ეკოსისტემის მონაწილეებს. ამასთან, ის იქნება მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხიდი ვირტუალურ აქტივებსა და ტრადიციულ ფინანსებს შორის. ამასთან, არც GEL₮-ს და არც ერთ სხვა სთეიბლქოინს არ ექნება გადახდის ფუნქცია"- განუცხადეს"ბიზნესპარტნიორს" ეროვნულ ბანკში.
შეგახსენებთ, საქართველოში კომპანია Tether-ის შემოსვლა დაანონსდა. კომპანიის პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი - ჯიელტი (GELt).