logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ჭრებალოს მარანი" სასტუმროს გახსნას ზაფხულის ბოლოს გეგმავს

"ჭრებალოს მარანი" სასტუმროს გახსნას ზაფხულის ბოლოს გეგმავს. როგორც "ჭრებალოს მარნის" თანადამფუძნებელი სალომე ლეკიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლების მხრიდან სასტუმროს მიმართ დაინტერესება მაღალია.

"წელს დავიწყეთ სასტუმროს მიმართულების განვითარება.  პროექტი  მარნის ტერიტორიაზე ხორციელდება.  შეიძლება ითქვას, რომ ტერიტორია მოიცავს მცირე ზომის ტურისტულ კომპლექს - მარნით, რესტორნით და სასტუმროთი. ეს იქნება სასტუმროს სტილის, 8-ნომრიანი შენობა", - აცხადებს სალომე ლეკიშვილი.

მისივე ინფორმაციით, მარნის სტუმრები ძირითადად ადგილობრივი ტურისტები არიან.

"შეიძლება ითქვას, რომ 70% არის ადგილობრივი, ხოლო 30% უცხოელი ტურისტია. 2024 წელს მზარდი ტენდენცია ფიქსირდებოდა და ამის მოლოდინი წელსაც გვაქვს. 2024 წელს ჩვენ რაჭა-ლეჩხუმში გასტრონომიული ტური ჩავატარეთ, რომელიც რაჭის და ლეჩხუმის გასტრონომიულ გაცნობას მოიცავდა და მომავალში ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები უფრო აქტიურად დავგეგმოთ", - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.

ცნობისთვის, მარანი  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში მდებარეობს. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამან განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. „ჭრებალოს მარანი“  რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 7 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. მარანში ხდება ასევე ჭაჭის წარმოებაც.

გამოგვყევით