logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ერთობლივი მუშაობით შევძელით ევროპული, ძალიან ავტორიტეტული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian-ის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა "

"ერთობლივი მუშაობით შევძელით ევროპული, ძალიან ავტორიტეტული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian-ის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა "

1763653195

„საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ნორვეჯიანი“-ის (Norwegian) შემოსვლა, რომელიც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის შეასრულებს რეისებს, ისტორიული მოვლენაა -  აქამდე დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვქონდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

 მინისტრის მოადგილე აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა უკვე მეორე ევროპულმა  ავიაკომპანიამ დაადასტურა - გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ასევე პირდაპირ ფრენებს შეასრულებს თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით.

 სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია  Norwegian-ი  საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის 27 ივნისიდან დაიწყებს და კვირაში ორჯერ შეასრულებს რეისებს თბილისსა და კოპენჰაგენს შორის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხზე მუშაობა უწყებამ დაახლოებით ერთ წლის წინ დაიწყო, თამარ იოსელიანი კი აგვისტოს თვეში, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ნორვეგიაში პირადად იმყოფებოდა.

 „ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლის თაობაზე მოლაპარაკებებში ჩართული იყო როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავი“. ჩვენი ერთობლივი მუშაობით შევძელით ევროპული, ძალიან ავტორიტეტული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა.  Norwegian სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა სკანდინავიის ქვეყნებში,  Scandinavian Airlines (SAS)-ის შემდგომ კი პირველი. შესაბამისად, ავიაკომპანიას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხვების შედეგად ავიაკომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 ამასთან, თამარ იოსელიანი ყურადღებას ამახვილებს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ძალიან დიდ დაინტერესებაზე  - გასულ წელს სკანდინავიიდან ვიზიტორთა დაახლოებით 27%-იანი მატება დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, სწორედ ეს განაპირობებს ავიაბაზარზე საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს. 

 „ეს იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, რომ ჩვენ შევძელით Norwegian-ის საქართველოში შემოყვანა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ოპერირება ბაზარზე კონკურენციას ზრდის, შესაბამისად, დაბალი ფასები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ. უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიის ქვეყნები ჩვენი სამიზნე მიმართულებაა - იქიდან საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტები შემოდიან და ჩვენთვის ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გამოგვყევით