იაპონელს ეკონომიკურად დიდი შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ ახლა სტანდარტული ტურისტი ვინც საქართველოში გვყავს, მათზე 2-3-ჯერ მეტს დახარჯავენ. სწორედ ამიტომ, ძალიან მომგებიანია იაპონელი ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლა, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება.
“აღნიშნული საკითხი ერთის მხრივ, ეკონომიკურად არის მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ, ტურისტული მიმართულების განვითარება ქვეყნებს შორის მეგობრობასა და ურთიერთობას აძლიერებს. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული იაპონური კულტურით. ძალიან ბევრი სარგებელი შეიძლება მივიღოთ ამ მიმართულებით განვითარებით და ასევე, მათგან ბევრი რამ გადმოვიღოთ და ვისწავლოთ.
ჩვენ იაპონიის ტურიზმის სააგენტოსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. აქაურ წამყვან ტურისტულ კომპანიებთან არაერთხელ გვქონია ერთობლივი ღონისძიებები და კამპანიები და ქართული ტურისტული კომპანიებიც ჩამოდიან ხოლმე, რომ პარტნიორები იპოვონ. რა თქმა უნდა ამ საკითხის კიდევ უფრო გააქტიურება სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მიზანშეწონილი იქნება, რომ იაპონიაში მეტი რესურსი დაიხარჯოს, რადგან პოტენციალი ძალიან დიდია”, - აცხადებს საქართველოს ელჩი იაპონიაში.
როგორც თეიმურაზ ლეჟავამ აღნიშნა, საქართველოს პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით იაპონიაში აქტიურად მუშაობენ და შესაძლოა, მომდევნო წლებში საქართველო იაპონიიდან ტურისტების რაოდენობის კუთხით, ახალ რეკორდულ რაოდენობებზე გავიდეს.
„ჩვენ იაპონიაში ქართულ ფესტივალს უკვე მესამე წელია, რაც ვატარებთ. ფესტივალზე შარშან 150 ქართველი იყო ჩამოსული, მათ შორის, მოცეკვავეები, მომღერლები, ხელოვანები და სპორტსმენები. ჯამში დაახლოებით, 40 ათასი სტუმარი გვყავდა ფესტივალზე. აქ წარმოდგენილი იყო ქართული კერძები, ღვინო, სამოსი, ცეკვა, სიმღერა და სხვა კულტურული მიმართულებები.
ბოლო პერიოდში, იაპონიაში საქართველოს მიმართ ინტერესი ყველა მიმართულებით საგრძნობლად გაზრდილია, რაც რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროს განვითარებას ეხმარება. იაპონიიდან ყველაზე მეტი ტურისტი 2019 წელს გვყავდა, ეს დაახლოებით, 10 000-მდე ვიზიტორს შეადგენდა და ვფიქრობ, რომ პოტენციალი ბევრად დიდია. კორონა ვირუსმა და იაპონური ვალუტის დასუსტებამ აღნიშნულ ტენდენციას ხელი შეუშალა, თუმცა ვფიქრობ წელს და მომდევნო წელს ახალ რეკორდულ რაოდენობებზე გავალთ“, - აცხადებს ელჩი.
იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მიღწევებსა და პერსპექტივებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავასთან სრული ინტერვიუ იხილეთ აქ.