საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათისა უნდა წარადგინონ.
"ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.
ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე,"აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბათუმი-სარფის გზის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის ADB-იმ საქართველოს €306.6 მლნ გამოუყო.