logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"გამკაცრებული კონტროლის პირობებში, თუ კომპანიები თანხას დროულად ვერ მიიღებენ პრობლემები წარმოიქმნება" - ზვიად თოიძე

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის, კომპანია "ინსის" გენერალური დირექტორის, ზვიად თოიძის შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების გამკაცრების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი (კონტროლი) დროსთან მიმართებით დაბალანსებული უნდა იყოს.

როგორც გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" ზვიად თოიძე აღნიშნავს, გამკაცრებული კონტროლიდან გამომდინარე, თუ კომპანიები შესრულებული სამუშაოების შემდეგ თანხას დროულად ვერ მიიღებენ, გარკვეული სახის პრობლემები წარმოიქმნება.

"კონტროლი პროფესიონალურად უნდა დაიწყოს. აქამდე კომპანია, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებდა და პირობითად "შავ სიაში" მოხვდებოდა, დამფუძნებელს შეეძლო ახალი კომპანია შეექმნა და ბაზარზე ხელახლა შემოსულიყო. მსგავსი ტიპის პრაქტიკა აიკრძალება და ეს სექტორს გააჯანსაღებს. ასევე, კონტროლში იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი, ესეც პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ კონტროლი დროსთან მიმართებით დაბალანსებული უნდა იყოს - ეს საკითხი გარკვეული სახის გამოწვევაა. მოგეხსენებათ, ბიუროკრატია ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია. ამ თემასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და ორივე მხარე მობილიზებულია, რათა გამოწვევა დავძლიოთ. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია კონტროლი, ჩვენთვის კი - დროულად თანხების მიღება, ამიტომ ორივე მხარე კმაყოფილი უნდა დარჩეს", - აღნიშნავს "ინსის" გენერალური დირექტორი.

ამასთან, ზვიად თოიძე მიიჩნევს, რომ მთლიანობაში ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების გამკაცრების შედეგად, სექტორში სიტუაცია გაჯანსაღდება.

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.

გამოგვყევით