ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის წარდგინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბექა ურუშაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.
ბექა ურუშაძე არის ეკონომისტი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დოქტორი (PhD). ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებში მიღებული აქვს საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, ბიზნესისა და ფინანსების მართვის პროფესიული განათლება.
ბექა ურუშაძეს გააჩნია კერძო და საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იკავებდა კომერციული ორგანიზაციების მმართველის პოზიციებს. იყო კომპანია „ურუს ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი, Space Neobank-ის (თიბისი ჯგუფი, LSE: TBCG) პარტნიორი და საერთაშორისო ექსპანსიის ხელმძღვანელი, “კრედო ბანკის” ციფრული ბანკისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, VisionFund International-ის ბიზნეს-ანალიტიკოსი. ასევე, სხვადასხვა წლებში იყო World Vision International საქართველოს წარმომადგენლობის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი და World Vision International აშშ-ს ოფისში ბიზნეს-ანალიტიკოსი.
2011-2012 წლებში, ბექა ურუშაძე, იყო პროექტის მენეჯერი საჯარო სექტორის ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტში (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო), 2013 წლიდან - მრჩეველი საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და მრჩეველი ამავე საკითხებში - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში.
ბექა ურუშაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ტაბიძე შეცვალა.