"თეთრი სიის" სრულად გაუქმება სწორი არ არის, რადგან ამით მოტივაციის თეორიას სრულიად ვკლავთ, - ამის შესახებ კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელმა, პაატა ტრაპაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვით "2029 წელს დაგეგმილია "თეთრი სიის" სრულად გაუქმება".
მისი თქმით, აუცილებელია, რომ "თეთრი სია" არა გაუქმდეს, არამედ მასში მოხვედრა უფრო მეტად გამკაცრდეს.
"თეთრი სია" არანაირი პრობლემა არ არის თავად დამკვეთისთვის. პრობლემა დამკვეთისთვის არის ის, რომ "თეთრ სიაში" მოხვედრილები არიან ის კომპანიები, რომლებიც თაღლითობენ. პირველი მოტივაცია მოგებაა - "თეთრი სიის" გაუქმების შემთხვევაში მოგება შეუმცირდება ნებისმიერ სწორად მოქმედ კომპანიებს და ბანკებზე ვიზრუნებთ. გაუქმება ნიშნავს იმას, რომ რასაც აიღებ ავანსს - იმის სრული გარანტია უნდა მოიტანო. ე.ი. ბანკი უფრო მეტ ფულს გასცემს და უფრო მეტ ფულს აიღებს. ე.ი ჩვენ ვზრუნავთ ბანკების მოგებების გაზრდაზე.
"თეთრ სიაში" მოხვედრა აუცილებლად უნდა გამკაცრდეს, რადგან ნებისმიერი თაღლითისთვის აქ მოხვედრა ადვილად შესაძლებელი არ იყოს. "თეთრი სია" არის პრეფენციები, რაც გაიცემა სწორი და კარგი მუშაობისთვის. ამიტომ აუცილებელია იყოს ის კრიტერიუმები, რომელიც რეალურად გამოაცალკევებს კომპანიების იმ ჯგუფს, რომლებიც სწორად მუშაობენ", - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
ცნობისთვის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2029 წელს დაგეგმილია "თეთრი სიის" სრულად გაუქმება.
მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ 2025 წლის ბოლოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ე.წ თეთრ სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ახალი მოდელის თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.
რაც შეეხება ე.წ. თეთრი სიას, წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.