საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ვარლამ ებანოიძის თანაავტორობით კორეის ფინანსების ინსტიტუტმა ინსტიტუციური კვლევების სერიის ფარგლებში მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა.
აღნიშნული კვლევა კორეის საკრედიტო საინფორმაციო სერვისების MyData Support Center-ის მენეჯერ ვონგ სეოკ ჩოისთან თანაავტორობით მომზადდა და საქართველოსთვის მდგრადი, მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩარჩოს შესაქმნელად კორეის გამოცდილების გაზიარებას ეხება.
დოკუმენტში განხილულია, თუ როგორ შეიძლება კორეის MyData ჩარჩოს გამოცდილების გამოყენება საქართველოს ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების სტრატეგიის განვითარების პროცესში.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ კორეა MyData-ს მიმართულებით ერთ-ერთი გლობალური ლიდერია ძლიერი მარეგულირებელი ჩარჩოთი, სტანდარტიზებული API-ებითა და მომხმარებლის თანხმობაზე დაფუძნებული მონაცემთა გაზიარების მიდგომით. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებია ტექნიკური და თანხმობის სტანდარტების გაძლიერება, საპილოტე პროექტების განხორციელება და მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და ნდობის განმტკიცებაზე ორიენტირებული ნაბიჯები. საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს ღია ფინანსების მიმართულებით გზამკვლევის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.
„საქართველოსთვის კორეა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს: ორივე ქვეყანას აქვს PSD2-ს საფუძვლები და საქართველოს შეუძლია ადაპტირდეს კორეის სტრუქტურასთან საკუთარი ღია ფინანსების პროგრესის დასაჩქარებლად. კორეის მოდელის ელემენტების გათავისებით, საქართველო შეუძლია შექმნას უსაფრთხო, ინკლუზიური და თავსებადი მონაცემთა ეკონომიკა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს“, - აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.
კორეა გლობალური ლიდერია MyData-სა და პირადი მონაცემების გადამუშავების სფეროში, რომელსაც აქვს ძლიერი სახელმწიფო მხარდაჭერა, ჩამოყალიბებული რეგულატორული ჩარჩო და მაღალი მიღების მაჩვენებელი - 165 მილიონზე მეტი სერვისის გამოწერა აქვს.
ღია ბანკინგმა საქართველოში უკვე შექმნა ხელშესახები სარგებელი ქვეყნის ფინანსურ სექტორში. მან ხელი შეუწყო კონკურენციას ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში, რამაც უფრო დინამიური და ეფექტური ბაზრის გარემო შექმნა.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძლიერი საფუძველია, რომელიც ღია ფინანსების განვითარებისა და ქვეყნის მონაცემთა ეკონომიკის ჩამოყალიბების გზაზე წინსვლის მოტივაციას გვაძლევს“, - დასძინა ვარლამ ებანოიძემ.
კვლევა საერთაშორისო პროფესიული პროგრამის ფარგლებში მომზადდა, ხოლო თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმებულია საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბანკს შორის.