ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად აფართოებს ეკონომიკურ კავშირებს.
„გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან, ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომ კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები. იცით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს ძალიან მაღალი, საშუალო ზრდამ შეადგინა თითქმის 10 პროცენტი გასული 4 წლის განმავლობაში, წლევანდელი წელიც დავიწყეთ ძალიან კარგად. იანვრის მაჩვენებელი იყო 11,1 პროცენტი. ჩვენთვის მთავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ და პირიქით, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობას უზბეკეთთან ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.