logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2025 წელს კომპანიის გაყიდვები 20-25%-ით გაიზარდა - "ბადაგი"

კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2025 წელს, კი წინა წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები დაახლოებით, 20-25%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ "ბადაგის" დამფუძნებელმა კომვახტანგ ყაჯრიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, "ბადაგის" მომხმარებლები ძირითადად საცალო სეგმენტია, თუმცა საახალწლო პერიოდში მკვეთრად იზრდება კორპორატიული შეკვეთების წილი.

"2025 წელი, წინა წლებთან შედარებით, უკეთესი იყო. საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნაა, რადგან ყველა ოჯახში უნდა იყოს ჩურჩხელა. გამოწვევები ყოველთვის არსებობს, მათ შორის, არის მუშახელის მიმართულებით და მიმდინარე წელს ამით ვერ გამოვარჩევ. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად გამოწვევებიც იზრდება. ჩვენი წარმადობა დღეში დაახლოებით, 10-12 ათასი ცალი ჩურჩხელაა. 

რაც შეეხება ფასს - პროდუქციის ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი და მომდევნო წელს, წარმადობის 20-25%-ით ზრდას ვგეგმავთ", - აცხადებს ვახტანგ ყაჯრიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია ექსპორტის მიმართულების განვითარებას არ გეგმავს - რადგან ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმადობის ზრდის მიუხედავად, პროდუქციის 100%-ვე საქართველოში გაიყიდება. 

ცნობისთვის, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი" 11  წელია ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანიას ამჟამად 9 მაღაზია-სტენდი აქვს, აქედან ერთი ბათუმში და თელავში. ამასთან, „ბადაგის“ წარმოებული ტკბილეული იყიდება სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ქსელში.

ეკონომიკა

გამოგვყევით