2024 და 2025 წელი მეტ-ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს, თუმცა მიმდინარე წელი უფრო ნაკლები ზრდით გამოირჩევა, - ამის შესახებ Flowers.ge-ს ფინანსურმა დირექტორმა თამაზ იმნაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ბაზარზე გაზრდილი კონკურენციაა.
"საბოლოო მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სტაბილურად 20%-ზე მეტი ზრდა გვქონდა ხოლმე და ახლა, ვფიქრობ, რომ 10-დან 20%-მდე იქნება.
აღნიშნულის მიზეზი ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციაა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ პირველადი მოთხოვნილების პროდუქტი და ქვეყანაში ნებისმიერი რყევა ჩვენი ტიპის კომპანიებზე ისახება.
აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ახალ მოთხოვნებს ფეხი აუწყო და ჩვენი დიზაინერები აქტიურად მუშაობენ, რათა ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ და მუდმივად განვვითარდეთ. რაც შეეხება ყვავილების ფასს - წელს თითქმის არ შეცვლილა”, - აცხადებს თამაზ იმნაძე.
რაც შეეხება საახალწლო პერიოდს - თამაზ იმნაძის თქმით, ახალი წელი აქტიური პერიოდია და კომპანია შეკვეთებს როგორც საცალო მომხმარებლის, ისე კორპორატიული სეგმენტის მხრიდან იღებს.
მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე ნელ-ნელა მოთხოვნა იზრდება ეგზოტიკურ ყვავილებზე, თუმცა ვარდი ისევ უკონკურენტოა.
ცნობისთვის, Flowers.ge-ს ამ ეტაპზე ორი ფილიალი აქვს. კერძოდ, თბილისსა და ბათუმში. ყვავილები კი ნიდერლანდებიდან შემოაქვს.