ქართული მშრალი ხილის ბრენდი - "კერკის" წარმომადგენლის ხატია ბერიძის ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვების დინამიკა 2025 წელს მზარდია, ხოლო რეალიზაციის ძირითადი მიმართულება კვლავ სავაჭრო ქსელებზე მოდის. როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, გაყიდვების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ინოვაციურმა პროდუქტებმა და კორპორატიული მიმართულების გააქტიურებამ ითამაშა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს "კერკის" პროდუქციაზე ფასები არ გაზრდილა.
"კერკი" მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც ტრადიციულ ჩირეულს, ასევე, ინოვაციურ პროდუქტებს, რომელთა გაყიდვების სტატისტიკა მზარდია. კერძოდ, "კერკი" მომხმარებლებს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს სთავაზობს როგორიცაა: მანდარინის ჩიფსი, განსხვავებულად დამუშავებული, გამომშრალი ხურმა და რაც ძალიან საინტერესოა, ხილის თხევადი მასის გამოშრობით გავაკეთეთ ჯანსაღი სნექი - ხილის ფირფიტები, რომელიც "ბატონის ფორმაშია" შეფუთული. ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა 2025 წელს, წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში.
გასულ წლებში კი "კერკის" გაყიდვების მთავარი მიმართულება იყო სავაჭრო ქსელებში პროდუქციის გაყიდვა, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე გადავწყვიტეთ კორპორატიული მიმართულებით გააქტიურება. ერთგვარი პილოტირების ეტაპი წარმატებული გამოდგა და 2026 წლიდან "კერკი" განსაკუთრებულად გააძლიერებს კორპორატიულ გაყიდვებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მომხმარებელს ახალი პროდუქტი - მშრალი ხილის ფირფიტები შევთავაზეთ, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი და ჯანსაღი სნექია. რადგანაც პროდუქცია ახალი და უცხოა, ამიტომ ჩვენი მომხმარებლები ნელ-ნელა ეჩვევიან ახალ პროდუქტს. ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანია, გაყიდვების დინამიკა მზარდია. "კერკის" პროდუქცია ძირითადად თბილისში, ბათუმში და მაგისტრალზე სურსათის სავაჭრო ქსელებში იყიდება.
წინასაახალწლო პერიოდში გავააქტიურეთ სასაჩუქრე შეფუთვების გაყიდვები, მათ შორის, კორპორატიულ სეგმენტზე. ამ კუთხით, კარგი შედეგები გვაქვს. რაც შეეხება ფასებს - 2025 წელს პროდუქციაზე ფასები არ შეცვლილა", - აცხადებს ხატია ბერიძე.
ცნობისთვის, "კერკი" ქართული ბრენდია, რომელიც მშრალ ხილს 2021 წლიდან აწარმოებს. კომპანია ფლობს მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოს მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში. საწარმო ქმნის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ პროდუქტებს. ამასთან, "კერკის" საწარმოში დანერგილია ISO22000 და FDA-ის სურსათის უვნებლობის სტანდარტები. აღსანიშნავია, რომ "კერკი" ძველქართული სიტყვაა და მზეზე გამომშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს, ხოლო ბრენდის კონცეფცია და ვიზუალური ხასიათი ქართული ანბანით არის შთაგონებული.