’’სვანური ფარდული“ ზემო სვანეთში მდებარე საოჯახო მეურნეობაა, რომელიც მომხმარებელს ავთენტურ კერძებს ლიმიტირებული რაოდენობით სთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით პაკელიანი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აქამდე ‘’სვანური ფარდული'' ძირითადად კვების გამოფენებსა და ფესტივალებზე იყო წარმოდგენილი, თუმცა 2023 წლის ბოლოს სწრაფი კვების სეგმენტი დაამატა და ამ ნიშით პირველად სპორტულ ღონისძიებებზე წარდგა (სპეციალური სტენდით), მათ შორის, რაგბის კავშირის თამაშებსა და საერთაშორისო ტურნირებზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
2023 წელს კომპანიამ სატესტო რეჟიმში პირველად გამოიტანა გასაყიდად მეგრული კუპატი სვანურ კარტოფილში, რაც, პაკელიანის თქმით, მომხმარებლებში ერთ-ერთი მოთხოვნადი კერძი გახდა.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიზნად დაისახეს, სწრაფი კვების სეგმენტში დაკავებული პოზიცია გაიმყარონ, თუმცა ამისთვის ცალკე ობიექტების გახსნას, წარმოების მოცულობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ იგეგმება.
‘’სვანური ფარდულის“ სახელწოდებით საოჯახო მეურნეობა აწარმოებს სანელებლებს, სვანურ მარილს, მწნილებს, რძის ნაწარმს და ხორცეულს.ასევე აქვს ალკოჰოლური სასმელების ხაზი - ამავე დასახელების ღვინო და ჭაჭა.
როგორც დავით პაკელიანი აღნიშნავს, სვანური მარილის 15-მდე სახეობას აწარმოებს, რისთვისაც იყენებს სხვადასხვა მინარევს - სვანური მარილი მინარევებით, სეზამით, სელით, ჩიათი, კურკუმით, ქონდრით, ნივრით და სხვა გემოებით.
პროდუქტი მზადდება ზემო სვანეთში, ხოლო შეფუთვა ხდება თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე მცირე საწარმოში, რომლის ფართიც 40კვ.მ-ია.
ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში ფლობს 10 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს, სადაც პროდუქტისთვის საჭირო ნედლეული მოჰყავს, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.
პაკელიანის ინფორმაციით, 2023 წელს წარმოებაში 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოლოდინი წელსაც ანალოგიურია.
‘’სვანური ფარდულის“ ასორტიმენტში ყველაზე დიდი მოთხოვნა სანელებლებზე, რომლის წილიც წარმოებაში 40%-ია. მეორე პოზიციაზეა თაფლის და ფუტკრის პროდუქტები (ფიჭა, დინდგელი, ფუტკრის რძე და სხვა), რომელსაც 15% უკავია.
‘’სწრაფი კვების სეგმენტში სანელებლების ხაზი ყველაზე კარგად მუშაობს. დიდი მოწონება დაიმსახურა გაწურულმა მაწონმა, რომელიც ძირითადად პრობიოტიკების შემცველი კერძია, სახლის პირობებში შექმნილი. ქარხნულისგან გამოირჩევა იმით, რომ პროდუქტი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. კერძებიდან ძალიან პოპულარულია კარტოფილის გარნირი, გრილზე გამომცხვარი. ასევე ჭარხლის მწნილი, და კუპატი, რომელიც გამოირჩევა ნაკლები სიცხარით და ზედმეტ ცხიმს არ შეიცავს. სწრაფი კვების მიმართულებაში კუპატი და კარტოფილი არის წამყვანი, შარშან რამდენიმე მცდელობა გვქონდა და მომხმარებელს შევთავაზეთ ჰაშმიჯამი (ყველი კარტოფილით), რამაც ასევე გაამართლა“, - აცხადებს დავით პაკელიანი.
ამასთან, ‘’სვანური ფარდულის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, შარშან წარმოების ზრდა მოახდინეს ისე, რომ დამატებითი ინვესტირება არ დასჭირდათ და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებას ჯერჯერობით არ გეგმავენ.
‘’გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად გავუშვით წარმოებაში, ამიტომ დამატებითი ინვესტირება არ დაგვჭირდა. არ ვგეგმავთ, რომ გავფართოვდეთ, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის ფართო ბაზრებზე გასვლა, გრძელვადიან პერსპექტივაში არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ჯერჯერობით არ განვიხილავთ“, - აცხადებს დავით პაკელიანი.
ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში ‘’სვანური ფარდულის“ საოჯახო მეურნეობა 2004 წელს დაფუძნდა. მეურნეობაში 5 ადამიანი მუშაობს, თუმცა სეზონზე მათი რაოდენობა 15-მდე იზრდება.