საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ მალტაში ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მზარდი და განვითარებადი ბაზრების კომიტეტის (GEMC) წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პანელური დისკუსია GEMC-ის ფარგლებში მოქმედი მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ქსელის საქმიანობას მიეძღვნა. აღნიშნული ქსელი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წელს შეუერთდა, IOSCO-ს წევრ ორგანიზაციებს საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების საბჭოს (ISSB) მიერ შემუშავებული ანგარიშგების ჩარჩოს იმპლემენტაციაში უწევს მხარდაჭერას.
პანელური დისკუსიისას განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება მდგრადობის ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: მდგრადობის ანგარიშგების დანერგვის პოლიტიკის ფორმირება, რეგულირების ჩარჩოს ჩამოყალიბება, ანგარიშგების ვალდებულების მქონე სუბიექტების განსაზღვრა და ბაზრის მზადყოფნა.
ღონისძიების ფარგლებში დავით აბესაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო IOSCO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის (ERC) შეხვედრაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს წევრი 2021 წელს გახდა. ამჟამად IOSCO-ში მსოფლიოს მასშტაბით 133 საზედამხედველო ორგანოა გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი მიზნები ინვესტორთა დაცვა, ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სისტემური რისკების შემცირების გზით ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერაა.
IOSCO-ს ფარგლებში ეროვნული ბანკი დამატებით ევროპის რეგიონულ კომიტეტსა (ERC) და მზარდი და განვითარებადი ბაზრების კომიტეტშია (GEMC) გაწევრიანებული, ხოლო 2021 წელს ეროვნული ბანკი ინფორმაციის გაცვლის შესახებ IOSCO-ს მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც შეუერთდა.