თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ჩვენი შედეგები იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სფეროში ბევრი მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული არასწორი პრაქტიკა, რაც თავიდან ბოლომდე გადაისინჯა, მთლიანად შეიცვალა და მთლიანად გაიხსნა სისტემა კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის.
„ბუნებრივია, ეს გადადგმული ნაბიჯები უზრუნველყოფს შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას და ასევე ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი შედეგები იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში. ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს დასახული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეს ეხება გზების მშენებლობას, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, წყალმომარაგებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ყველა მიმართულებით მაქსიმალური ხარისხით და მაქსიმალური ხარჯეფექტიანობით უნდა განხორციელდეს ყველა პროექტი. ის სამუშაოები, რომელიც შესრულდა ამ მიმართულებით მიმდინარე წლის განმავლობაში, ქმნის საუკეთესო საფუძველს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.