ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფართოებაზე სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, სერბეთსა და ისრაელთან აქტიურად მუშაობს.
როგორც მან გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და დოკუმენტზე ხელმოწერა მომავალ წელს იგეგმება.
“აბრეშუმის გზის ფორუმი” არის ძალიან მაღალი მნიშვნელობის, რაც არაერთხელ დადასტურდა. წელს მეხუთედ ჩატარდა აღნიშნული ფორუმი, რომელიც ემსახურება საქართველოს როლის წარმოჩინებას როგორც მნიშვნელოვან დამაკავშირებელს აზიასა და ევროპას შორის. ფაქტობრივად, საქართველო აღნიშნული ფორუმით პოზიციონირებს რომ ის არის უმოკლესი გზა, რომელიც უმოკლეს დროში აკავშირებს ევროპისა და აზიის ქვეყნებს როგორც ვაჭრობის, ისე ლოგისტიკის მიმართულებით.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის სარგებელი, რომელსაც ქვეყანა იღებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამჟამად, 46 ქვეყანასთან და 1 ადმინისტრაციულ ერთეულთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. ჩვენი საგარეო ვაჭრობის 87% მოდის იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ახლა ანგარიში მზადდება სპარსეთის ყურის მიერ. დარწმუნებული ვარ ეს ანგარიში დადებითი იქნება, რაც სპარსეთის ყურის ქვეყნების მინისტრებს შესაძლებლობას მისცემს, რომ დადებითი გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოსთან მიმართებაში, რომ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიხსნას.
ასევე, არის სერბეთი, რომელთანაც თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ჩვენ მომავალ წელს დავიწყებთ მოლაპარაკებებს. ამას გარდა, არის ისრაელი - აქაც ჩვენ გვაქვს გარკვეული კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ 2026 წელი ისრაელთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყების წელი.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ჩვენ სამხრეთ კორეასთან უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები და მომავალ წელს, აღნიშნულ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ. ჯამში ეს ჩამოთვლილი ქვეყნები 130 მლნ-ზე მეტ დამატებით სამომხმარებლო ბაზარზე წვდომას გვაძლევს”, - აცხადებს გენადი არველაძე.