logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ირაკლი ლექვინაძე: "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონი იურიდიულ პირებზეც გავრცელდა

"ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონი ფიზიკური პირების გარდა, იურიდიულ პირებზეც გავრცელდა. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორი პიკის საათში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან, შუამავალი პლატფორმების საშუალებით შეძენილ ამა თუ იმ პროდუქციაზე, თუ სერვისზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკუთარი პრეტენზია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინონ.

ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა. ახალი კანონი არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის შემავსებელი და ესეც ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ნაწილია. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფარგლებში რა განაცხადებსაც განვიხილავდით,  მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხებოდა, რომლებიც საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობდნენ ამა თუ იმ ნივთს და იქ ექმნებოდათ გარკვეული უფლებრივი პრობლემები. ელექტრონული კომერციის კანონის იმ ნაწილის ამოქმედებამ, რომელიც წლის დასაწყისიდან შევიდა ძალაში უკვე იურიდიულ პირებსაც გაუჩინა ამის შესაძლებლობა და ძირითადად საუბარია პლატფორმების რეგულირებაზე, რომლებიც შუამავლები არიან მომხმარებელსა და ბიზნესს, ბიზნესს და ბიზნესს შორის. მათ შორის ურთიერთობების დროს შესაძლოა იყოს საკითხები და ხდებოდეს უფლებების დარღვევა, საჭირო იყოს უწყება, რომელიც ამ საკითხებს განიხილავს. მთავარი სიახლე ამ კანონში არის ის, რომ ფიზიკური პირების გარდა იურიდიული პირებიც უფლებამოსილნი არიან, შუამავალი პლატფორმების საშუალებით შეძენილ ამა თუ იმ პროდუქციაზე, თუ სერვისზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკუთარი პრეტენზია წარმოადგინონ.

ბოლო 15 თვეა რაც ფიზიკური პირების შემთხვევაში ეს ფუნქცია აღსრულების პროცესშია და 600-ზე მეტი განაცხადია ამ პერიოდში განხილული და მიღებულია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც როგორც მომხმარებლების უფლებები აღადგინეს, ასევე მოვაჭრეებმაც შეცვალეს თავიანთი სავაჭრო პოლიტიკა მომხმარებლებთან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ მეტი ინფორმირებაა საჭირო და სწორედ ამიტომ ჩვენ წელს ვგეგმავთ აქტიურ კამპანიას ჩვენი დონორების ჩართულობით, მათ შორის, რეგიონებში. ბოლო 15 თვეში დაახლოებით 500 000-ლარზე მეტი პირდაპირი სარგებელი მიიღეს მომხმარებლებმა, რომლებსაც ან ნივთი დაუბრუნდათ, ან გამოუცვალეს, ან თანხა დაუბრუნეს. არაპირდაპირი სარგებელი კიდევ უფრო მეტია“, - განაცხადა ლექვინაძემ.

გამოგვყევით