logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კოსმო" გორში ახალ ფილიალს ხსნის

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების საწარმო „კოსმო“ გორში პირველ ფილიალს გაზაფხულზე გახსნის. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა თამარ აფციაურმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია სარემონტო სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. გარდა ამისა, როგორც თამარ აფციაური აღნიშნავს, პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 100%-ით გაიზარდა.

ამჟამად, „კოსმო“ 130-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა: ნატურალური ტყავის ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები და ბაფთები, ნატურალური ხის ბეჭდები, გადამუშავებული ხის საყურეები, ბაფთები, ყელსაბამები, ჭიქის დასადგამები, ბროშები, სანიშნეები და ბეჭდები, დღიურები, სხვადასხვა მეტალის ყელსაბამები, საყურეები, სამაჯურები, ბროშები და სხვა აქსესუარები.

თითოეული პროდუქტი უნიკალურია და განკუთვნილია სიახლეების და თავგადასავლების მაძიებელი ადამიანებისთვის. "კოსმოს" ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ამ ეტაპზე არის „ლალა“ ჩანთა, რომელიც თანამედროვე და ტრადიციული დიზაინის თანხვედრითაა შექმნილი. „კოსმოს“ სავიზიტო, დასამახსოვრებელი ჩანთები კი, რომლებიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს: „ჩოხჩა“, „თანი“, „დონი“ და „ვუდლი“. აქვე, „კოსმო“ აანონსებს ჩანთების ახალი კოლექციის ჩაშვებას, რომელიც ახლა მილანში საერთაშორისო გამოფენაზე - MIPEL არის წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე „კოსმოს“ გაყიდვები თითქმის 100 პროცენტით იზრდება“, - განაცხადა თამარ აფციაურმა.

ამასთან, კომპანიის თანადამფუძნებლის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ „კოსმოს“ წარმოება თითქმის გაორმაგდა, უახლოეს მომავალში საწარმო ახალი მოდერნიზებული სახელოსნოს აშენებას გეგმავს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

თამარ აფციაურის ინფორმაციით, ნედლეულის დიდი ნაწილი არის თურქეთიდან, თუმცა პროდუქციის წარმოებაში გამოყენებულია ჩინეთიდან შემოტანილი მასალა და ასევე, გარკვეული პროცენტული წილი ქართულ ტყავსაც უჭირავს.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში "კოსმო" იტალიური ტყავით შექმნილ პროდუქციას გამოუშვებს. 

ცნობისთვის, ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „კოსმო“ 2015 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში, ვაჟა ივერიელის 24-ში, 300 არაგველის მეტროსთან მდებარეობს. „კოსმოს“ ამჟამად 7 ფილიალი აქვს - კერძოდ, 2 ფილიალი ბათუმში და 5 ფილიალი თბილისში და  3 პარტნიორი მაღაზია ქუთაისში. პროდუქციის რეალიზება „კოსმოს“ ფილიალებში, ონლაინ (სოც. მედია პლატფორმების და საიტის www.cosmo.com.ge საშუალებით) და პარტნიორ მაღაზიებში ხდება. საწარმოში სულ 70 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, სტუდენტები.

გამოგვყევით