ავტოსკოლების მომსახურებაზე ქვეყანაში მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მათი სკოლის მაგალითზე, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებითაც, 7-დან 10%-მდე გაზრდილია მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობა. თუმცა, შემოდგომის თვეებში მოთხოვნის ტემპი შენელებულია.
„ეს სექტემბერი და ოქტომბერი ისეთი მაღალი მომართვიანობით არ გამოირჩევა, როგორიც წინა წლებში, რასაც ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს ვუკავშირებთ. მოსახლეობა, ჯერჯერობით, მაინც მოლოდინის და თანხების დაზოგვის რეჟიმშია“, - აღნიშნა ბერიშვილმა.
"არტ დრაივის" დამფუძნებელი მართვის მოწმობის კატეგორიებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ავტოსკოლებში A და B კატეგორიების ასაღებად მიდის. რაც შეეხება, C და D კატეგორიებს, რაც ქალაქში გავიდა გამოცდა, ამ კატეგორიებზე მომართვიანობა 50%-ით შემცირდა.
გიორგი ბერიშვილმა ფასების დინამიკაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ბოლო 1 წელია, ქვეყანაში მართვის მოწმობის არც თეორიული და არც პრაქტიკული სწავლება არ გაძვირებულა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა, სექტორში არსებული გამოწვევებია. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ავტოსკოლის გახსნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მიუხედავად მისი საქმიანობისა, თუ პროფილისა. შედეგად, უამრავი თვითმარქვია ავტოსკოლა საქმიანობს, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ მართვის მოწმობა უცოდინარი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს.
„გარდა ამისა, ეს ქმნის არაკონკურენტულ პირობებს. ავტოსკოლები, რომლებსაც რეგისტრაცია გვაქვს გავლილი, ვიხდით სხვადასხვა გადასახადებს, ისინი კი თავისუფლები არიან ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებისგან, ვინაიდან არ ხდება მათი კონტროლი, ამიტომ, მოსწავლეებს დაბალ ფასად ამზადებენ, რაც არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში გვამყოფებს“, - განმარტა გიორგი ბერიშვილმა.
კერძო სექტორის გარდა, ავტო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ავტოსკოლას პროფესიული სასწავლებლის სახე უნდა ჰქონდეს და მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე შეეძლოს მომსახურების გაწევა. როგორც ცნობილია, დღეს გარკვეული ავტოსკოლები რეგისტრაციას მომსახურების სააგენტოში გადიან, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ეს არ არის საკმარისი და დარგის მოსაწესრიგებლად, რეფორმაა საჭირო.