logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენი პროდუქციის გაყიდვები შემცირდა - "ქალაქური"

ჩვენი პროდუქციის გაყიდვები მცირედით  შემცირდა, თუმცა ვფიქრობ, რომ საახალწლო განწყობა მოსახლეობას მაინც აქვს, - ამის შესახებ თხილეულის და "სნექების" მწარმოებელმა კომპანია "ქალაქურის" დამფუძნებელმა მურად ღოღაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2024 წელი 2023 წელთან შედარებით მკვეთრად განსხვავებული არ ყოფილა და კომპანიის გაყიდვები თითქმის იგივე მაჩვენებელზეა, თუ არ ჩავთვლით მცირედით შემცირებას. 

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოებაზე აისახება. აღნიშნული პროცესების გავლენა თვალსაჩინოდ უფრო მომდევნო თვეებში შეიძლება გამოჩნდეს. ჩვენ თებერვალში დაგეგმილი გვაქვს თხილის კარაქის და ხილის ჯემების გამოშვება. უკვე დამონტაჟებულია დანადგარები და სატესტო რეჟიმში ბაზარზე თებერვლამდე გამოჩნდება.

სიახლე მიმდინარე წელს გვქონდა ის, რომ გერმანიაში, ამერიკასა და კანადაში განვახორციელეთ ექსპორტი. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პროდუქციას აქაც მალე გავგზავნით. ამ ეტაპზე, 15%-მდე საექსპორტო ბაზრებზე იყიდება. ზოგადად, უმნიშვნელოვანესია ექსპორტი კომპანიისთვის და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად განვითარებას ვგეგმავთ", - აცხადებს მურად ღოღაძე.

რაც შეეხება  წეროვანში, არსებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ქარხნის გახსნას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, საწარმოს გახსნა იანვარში იყო დაგეგმილი, თუმცა მისი გახსნა 1 თვით, თებერვლამდე გადავადდა.

აღნიშნულ პროექტში დაახლოებით, 3 მლნ. ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია ახალ ქარხანაში მუშაობის დაწყების შემდეგ წარმადობის გაზრდას კერძოდ, ჩირეულის 500 ტონამდე, ხოლო თხილეულის 300-დან 500-ტონამდე გეგმავს.

ცნობისთვის, "ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო  ქსელის  საშუალებით  ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ  პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა,  მიწის თხილი, გოგრის გული,  სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით,  თაფლით და მარილით, და ასევე, პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.

ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე  დაფასოებული -  200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.

გამოგვყევით