logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

რაბერ ტექი: ახალ საწარმოში დღეში 15 ტონამდე საბურავის გადამუშავებას შევძლებთ

მყარი ნარჩენების გადამუშავება საქართველოს ნარჩენების მართვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ამ მხრივ გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია. იმის მიუხედავად, რომ საბურავების შეგროვება-გადმუშავების ვალდებულება ბიზნესს 2023 წლიდან დაეკისრა, სექტორში მაინც პრობლემად რჩება უტილიზაციის ნაწილი.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ გადამამუშავებელ საწარმოში „რაბერ ტექში“ აცხადებენ, რომ ნარჩენების ჩაბარებაზე ჯერ კიდევ უარის თქმა უწევთ, თუმცა აქამდე შეგროვებული საბურავების გადამუშავების მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, რაც საწარმოს გადაიარაღების შედეგია.

კომპანიის ინფორმაციით, ბოლო 6 თვის მანძილზე, განვაახლეთ მანქანა-დანადგარები, რის შედეგადაც ჩვენმა საწარმომ შეძლო ის, რომ დღეში გადამუშავებული საბურავის რაოდენობა 4 ტონიდან 8 ტონამდე გაზარდა. რაც შეეხება დღეს არსებულ სიტუაციას, ისევ პრობლემაა გადამუშვების ნაწილი.

მათივე განმარტებით, საბურავების გადამუშავებით მიღებული პროდუქტის გამოყენება სხვადასხვა მიზნითაა შესაძლებელი. გრანულა სკვერების, ველო-ბილიკებისა და სტადიონების მოსაწყობად გამოიყენება, რკინა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მიეწოდება, ნეილონი კი ექსპორტზე თურქეთში გადის.

„ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ მთლიანად, ამიტომ ექსპორტზე ჯერ არ ვფიქრობთ. ვისაც კი გრანულა სჭირდება ყველას ვემსახურებით, შესაბამისად მოთხოვნა მაღალია. სწორედ ამიტომ წარმოების გაზრდას ვგეგმავთ. აქტიურად ვმუშაობთ, რომ წარმოებამ ახალ სივრცეში გადაინაცვლოს, სადაც დღიური წარმადობა 8 ტონიდან 15 ტონამდე გაიზრდება. საწარმო 5 ათას კვ.მ-ზე გაშენდება და გააერთიანებს სასაწყობე ბაზას, ასევე შიდა ქარხნის ტერიტორია. რეალურად ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, დაახლოებით $600-$700 ათასისის ინვესტიცია იგეგმება და იმედს ვიტოვებთ, რომ აღმოვფხვრით ბაზარზე არსებულ პრობლემებს, რაც დადებითად იმოქმედებს გარემოზეც.“- აცხადებს “რაბერ ტექი”-ს დირექტორის მოადგილე რევაზ პარკაია. 

გამოგვყევით