logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რამდენად რეალურია, როდესაც თითქმის ₾1 მლრდ-ის პროდუქცია გააქვს კომპანიას ექსპორტზე და ამ დროს კრიზისის გამო, საწარმოს აჩერებს" - ჭიათურელი მაღაროელი

"რამდენად რეალურია, როდესაც თითქმის ₾1 მლრდ-ის პროდუქცია გააქვს კომპანიას ექსპორტზე და ამ დროს კრიზისის გამო, საწარმოს აჩერებს" - ჭიათურელი მაღაროელი

1743102947

„რამდენად რეალური და ლოგიკურია, როდესაც თითქმის 1 მილიარდი ლარის პროდუქცია გააქვს კომპანიას ექსპორტზე და ამ დროს, კრიზისის გამო, აჩერებს საწარმოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ ისაუბრა.

მაღაროელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განმარტების, რომ მას ფინანსური კრიზისი აქვს და ჭიათურაში საქმიანობა მომგებიანი არ არის, არ სჯერა.

„ვფიქრობ კომპანიის მთავარი ინტერესი გახლავთ მაღაროების გაუქმება და ღია კარიერული წესით მოპოვებაზე გადასვლა. ეს განაპირობებს ხარჯვით ნაწილში ძალიან დიდ შემცირებას, იმიტომ რომ აქ ადამიანების ჩართულობა არის ნაკლები, თუმცა ეკოლოგია დგება კატასტროფულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

მისივე განმარტებით, თუ ამჟამად მაღაროებში 3620 ადამიანი დასაქმებული, ღია კარიერული წესით მოპოვებაზე გადასვლის შემთხვევაში, დასაქმებულების რაოდენობა 2000-მდე შემცირდება.

ჭიათურელმა მაღაროელმა კომპანიის შემოსავლებსა და ბრუნვაზეც ისაუბრა.

„ყველაზე ცუდი წელიწადი შეიძლება ითქვას, რომ იყო 2024 წელი, რადგან მთელ მსოფლიოში ფეროშენადნობებზე ფასები ძალიან დაბალი იყო. მიუხედავად ამისა, ექსპორტზე მაინც მეორე ადგილზე იმყოფება „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობები. მაგალითად, 2024 წლის პირველ 9 თვეში, კომპანია დაახლოებით 322 მილიონი დოლარის გაყიდვები აწარმოვა, რაც დაახლოებით, 1 მილიარდ ლარს უტოლდება.

წარმოიდგინეთ, 2024 წლის 9 თვეში,  1 მილიარდ ლარამდე აქვს კომპანიას შემოსავალი და ის ამბობს, რომ ამავე პერიოდში,  ჭიათურაში 82 მილიონ 600 ათასი ლარის ხელფასები გასცა, მაშინ როდესაც არაფერი მოუპოვებია.

რამდენად რეალური და ლოგიკურია, როდესაც თითქმის 1 მილიარდი ლარის პროდუქცია გააქვს კომპანიას ექსპორტზე და გასული წლის 28 ოქტომბერს, კრიზისის გამო, აჩერებს საწარმოს“, - განმარტავს ჭიათურელი მაღაროელი.

მისივე განმარტებით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ჩაიხედოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ტექნიკურ და იურიდიულ მხარეში, იმისთვის რომ დაადგინდეს, რეალურად დგას თუ არა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ფინანსური პრობლემების წინაშე.

ცნობისთვის, ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი უკვე 28 დღეა მიმდინარეობს. მოთხოვნაა კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან სამი თვის განმავლობაში გაუცემელი ხელფასების ანაზღაურება, წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენა, საწარმოების სახელმწიფოსთვის გადაცემა და „ჯორჯიან მანგანეზის“ რაიონიდან გასვლაა.

პროტესტი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ცოტა ხნის წინ მმართველმა კომპანიამ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ფინანსური სირთულეების მოტივით მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოში გაკოტრების პროცედურა დაიწყო. სწორედ ამ კომპანიას გადააბარა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ერთი წლის წინ საწარმოების მართვა.

მაღაროელებს პრეტენზია აქვს პროფკავშირებთანაც, რომელიც პროცესში შუამავლად არის ჩართული.

გამოგვყევით