logo
Loading data...

საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები ისევ გაძვირდა - ტარიფები 30-40%-ით არის გაზრდილი

საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები ისევ გაძვირდა - ტარიფები 30-40%-ით არის გაზრდილი

1716437220

საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები ისევ გაძვირდა. წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისის გამო, საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი, რომელიც 2024 წლის მარტის დასაწყისში, პიკურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებული იყო, ბოლო 1 თვეში კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისათვის, ტარიფები თითქმის გაორმაგებულია

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებში განაცხადეს, ტარიფები ფაქტობრივად 30-40%-ით არის გაზრდილი და ამ დროისთვის, 40 - ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი დაახლოებით 7 ათასი დოლარია. მაშინ, როდესაც ერთი-ორი თვის წინ, ტარიფები 4500 – 5000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. გასული წლის ბოლოს კი, კერძოდ, 2023 წლის დეკემბერში ინდექსი 1,521 დოლარზე ფიქსირდებოდა. 

COSCO SHIPPING LINES-ის კომერციული მენეჯერი  გივი ჩაჩანიძე  აცხადებს, რომ საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი 2024 წლის იანვარში, წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო გასამმაგდა. მისივე თქმით, შემდეგ უკვე მარტის თვეში, გარკვეული კლება დაფიქსირდა და კონტეინერების ტრანსპორტირების ტარიფი პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 7-8%-ით იყო შემცირებული. მაშინ, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კლების ტენდენცია გაგრძელდებოდა და გადაზიდვის ხარჯები შემცირდებოდა, თუმცა, მათი მოლოდინი არ გამართლდა და ტარიფებმა ამჯერადაც ზრდა დაიწყო. მიზეზი ისევ წითელი ზღვის კრიზისია.

"ახალი მარშრუტის გამოყენება, რომლითაც ჰუსიტების თავდასხმის გამო, სუეცის არხი დროებით ჩანაცვლდა, საკმაოდ ძვირი ჯდება. წითელ ზღვაში კრიზისი სავაჭრო გემებზე ჰუსიტების გაზრდილმა თავდასხმებმა შექმნა, რის გამოც, დღეს გემების დიდი ნაწილი უპირატესობას აფრიკის კონტინენტის შემოვლას ანიჭებს, რამაც გზა დააგრძელა და ბუნებრივია, გადაზიდვების ხარჯი გაზარდა. ამ მარშრუტის პირობებში, ტარიფების შემცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია", - აღნიშნავს გივი ჩაჩანიძე.

რაც შეეხება ზღვით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობას და საქართველოს ნავსადგურებისა და ტერმინალების მიერ გადამუშავებული ტვირთის ჯამურ მოცულობას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქ 8%-იანი კლება ფიქსირდება 2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გადამზიდავ კომპანიებში ამბობენ, რომ ამ კუთხით მათთვის რეკორდული 2023 წელი იყო, როდესაც ზოგიერთ კომპანიას ტვირთბრუნვის 75%-იანი ზრდაც კი ჰქონდა.

"2023 წელი გვქონდა რეკორდული ტვირთბრუნვაში. 2024 წელი ასეთი მასშტაბური ციფრებით ვერ დაიწყო. თუმცა, ზრდის ტენდენცია მაინც შენარჩუნებულია. რაც შეეხება პროგნოზებს, წითელი ზღვის კრიზისის ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ზღვით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა და გადამუშავებული ტვირთების მოცულობა შემცირდეს", - განმარტავს COSCO SHIPPING LINES-ის კომერციული მენეჯერი.

გარდა ამისა, კომპანიებში სამომავლოდ, ზღვით გადაზიდული კონტეინერების შესაძლო შემცირების მიზეზებს შორის, ღრმაწყლოვანი პორტის არ ქონასაც ასახელებენ და ამბობენ, რომ ამ ტიპის პორტის აშენება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა თითქმის 3,4 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა. გადამუშავებული ტვირთის 45 პროცენტი გენერალური ტვირთი იყო, 31 პროცენტი - თხევადი, ხოლო 23 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.

მარი მელიქიშვილი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით