logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სითიზენის" პროექტში ფართს ძირითადად, ადგილობრივები ყიდულობენ - გოგა მაჭავარიანი

თბილისში მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი „სითიზენის“ D,B,C ბლოკების 67% გაყიდულია, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა გოგა მაჭავარიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და კომპანია უახლოეს პერიოდში გასაყიდად A ბლოკსაც გამოიტანს. 

გოგა მაჭავარიანის ცნობით, ფართის შეძენით დაინტერესებულ პირთა 95% ადგილობრივები არიან.

პირველი ბლოკი, რომლის მშენებლობა დაწყებული გვქონდა უკვე მესამე სართულამდეა აშენებული და ასევე, დაწყებულია მეოთხე სართულის მშენებლობა. გარდა ამისა უკვე დავასრულეთ საპარკინგე სივრცის მშენებლობაც.

რაც შეეხება B და C ბლოკს - ვიწყებთ საძირკვლის სამუშაოებს. ასევე, დაწყებული გვაქვს A ბლოკის ქვაბულის მოწყობაც. გრაფიკს წინ ვუსწრებთ დაახლოებით, 2 თვით. 2026 წლის დეკემბერში ჩვენ დასრულებული გვექნება ყველა ბლოკი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მოიცავს გამწვანებულ ბაღს, სარეკრეაციო ზონას და ა.შ. ვფიქრობთ, რომ 2025 წლიდან დავიწყებთ პროექტის ჩაბარების ეტაპებს. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ დოლარია", - აცხადებს გოგა მაჭავარიანი.

ცნობისთვის, თბილისში, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბ-ბინის (ზაკვოს) ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ოთხი ბლოკისგან და ერთი „თაუერისგან“ შედგება. პროექტი 46 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება და ძირითადად მოიცავს  საცხოვრებელ სივრცეს, თუმცა გათვალისწინებულია კომერციული და საოფისე ფართებიც. 

ასევე, პროექტი მოიცავს გასართობ თუ გამაჯანსაღებელ სივრცეებს, გარდა ამისა, ცენტრალური უბნისთვის უპრეცედენტო ზომის გამწვანებულ ტერიტორიას. საპარკინგე სივრცეები მიწის ქვეშ იქნება განთავსებული და ადგილზე განთავსდება ხელოვნური ტბაც.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია "თიბისი ბანკის" საკუთრებას წარმოადგენდა და იქ საფინანსო ინსტიტუტი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავდა.

გამოგვყევით