logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2025 წლის ბოლომდე გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კურორტის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ყვავილაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე სამუშაოების 70% შესრულებულია.

,,ახალი სასტუმროს მშენებლობა გრძელდება. ამ დროისთვის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა, შიდა მოპირკეთებით სამუშაოებზე გადავედით, მშენებლობის 70% დავასრულეთ. როგორც იცით, ეს არის 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, 130 ნომრიანი, რომლის გახსნასაც 2025 წლის ბოლომდე  განვიხილავთ“, - ამბობს სალომე ყვავილაშვილი.

რაც შეეხება საერთაშორისო ბრენდს, მისივე თქმით, კურორტს ერთ-ერთ უმსხვილეს ოპერატორთან მოლაპარაკებების საფუძველზე გაუთქმელობის ხელშეკრულება აქვს დადებული, სწორედ ამიტომ, კონკრეტული ბრენდის დასახელებისგან თავს იკავებს.

სალომე ყაველაშვილის თქმით, ახალი სასტუმრო და სპა მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. რაც შეეხება კადრს, გადამზადების პროცესს გადის.

,,კადრების პროფესიონალიზმს  დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენს ყველა მასაჟისტს აქვს სამედიცინო განათლება და სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. კურორტის ბაზაზე ფუნქციონირებს ჩვენი მასაჟის სკოლა, პირობითად სხვადასხვა მიმართულება. მუდმივად ვუშვებთ უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.  ასევე ვიწვევთ უცხოელ ტრენერებს. მაისში შვეიცარიაში ვაგზავნით კადრს, - ოთხ ადამიანს, რომელიც გადამზადებას გაივლის და რეაბილიტაციის მიმართულებით  ჩაეშვება ისეთი ახალი მომსახურება, რომლის ანალოგიც არ არის საქართველოში. ცხადია, კადრების კუთხით ჩვენს არსებულ სერვისსაც გამოვიყენებთ“, - განმარტავს კურორტის აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება დასაქმებას, მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ამ ეტაპზე 140 ადამიანს ასაქმებს.  WORLD SPA-ს და ახალი სასტუმროს ფუნქციონირების შემთხვევაში, დასაქმებულების რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.

ცნობისთვის, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე WORLD SPA-ს და ახალი სასტუმროსა მშენებლობის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონი ლარია.

სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.

გამოგვყევით