logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისის სავაჭრო და ბიზნესცენტრებში იჯარა გაიზარდა - დედაქალაქს მალე ახალი სავაჭრო და საოფისე ფართები დაემატება

როგორც თბილისში, ისე ბათუმში ბიზნესცენტრებისა და სავაჭრო ცენტრების დატვირთულობა გაზრდილია.

"თიბისი კაპიტალის" კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის ბიზნესცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2 პროცენტით დაბალია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ განუცხადა, დატვირთულობის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნესცენტრებში, სადაც ვაკანტურობის საშუალო კოეფიციენტი 10%-ამდეა ჩამოსული.

„საოფისე ფართებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გასულ წელს დედაქალაქში 18 ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, თბილისში ახალი მსხვილი ბიზნესცენტრები გამოჩნდება, უმეტესად ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებს, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და თელავის საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე, ორგანიზებული საოფისე ფართების ნაკლებობაა, ვინაიდან ქალაქებში ოფისების უმეტესობა საცხოვრებელი შენობების პირველ სართულებზეა განთავსებული. შესაბამისად, მომდევნო წლებში, ამ ქალაქებშიც იგეგმება საოფისე ფართების დამატება“,  - აღნიშნა სალომე დეისაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესცენტრების მსგავსად, გაზრდილია სავაჭრო ცენტრების დატვირთულობაც. ამჟამად, თბილისში 10 მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებს და მათი ჯამური გასაქირავებელი ფართი თითქმის 292 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო ბათუმში 5 სავაჭრო ცენტრია - 54 ათას კვადრატულ მეტრამდე გასაქირავებელი ფართით. ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრები კი, ძირითადად, სავაჭრო ცენტრებისა და ღია ბაზრობების კომბინაციას წარმოადგენს.

„ფაქტობრივად, ჩვენ მიერ ნახსენებ ყველა ქალაქში სავაჭრო ცენტრების დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. ამის გამო, მოლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობაც მზარდია. მაგალითისთვის, თბილისში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა. მომდევნო წლებში ორი სავაჭრო ცენტრი შეემატება ბათუმსაც, თელავში კი, ახალი სავაჭრო ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება“, - განმარტა „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა.

ბუნებრივია მოთხოვნასთან ერთად, მზარდია იჯარაც როგორც ბიზნესცენტრებში, ისე სავაჭრო ცენტრებში. "თიბისი კაპიტალის" კომერციული უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის ბიზნესცენტრებში საშუალო იჯარა წლიურად 6%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 23 დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება ბათუმს, მისი საოფისე უძრავი ქონების იჯარა მიახლოებულია თბილისის საშუალო მაჩვენებელთან და კვ.მ-ზე 16 დოლარს შეადგენს.

იჯარის მატება შეინიშნება სავაჭრო ცენტრების შემთხვევაშიც. 2024 წლის მონაცემებითვე, თბილისის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარა, წინა წელთან შედარებით, კვ.მ-ზე 7%-ის ფარგლებში გაიზარდა, ბათუმში კი 5%-ით და შესაბამისად, 24 და 23 დოლარს გაუტოლდა.

„თიბისი კაპიტალის“ მიერ კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე ჩატარებულ კვლევაში, ასევე მოცემულია ინფორმაცია ქუჩის სავაჭრო ობიექტების შესახებაც. 2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში კვ.მ.-ზე 31 დოლარს შეადგენდა, ბათუმკი 25 დოლარი იყო.

გამოგვყევით