თბილისის თავისუფალ ზონაში ყაზახური კომპანია Gamma D’ORO არომატიზატორების მასშტაბურ წარმოებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის თავისუფალი ზონის მფლობელმა და ადმინისტრატორი კომპანია "ჯორჯია ტექნოლოჯი პარკ"-ის გენერალურმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საბოლოო მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს და წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება.
“აღნიშნული წარმოებისთვის შენობა-ნაგებობასა და კომუნიკაციებში უშუალოდ ჩვენი ინვესტიცია განხორციელდა. ინტეგრირებული საწარმო, საოფისე შენობა 3000 კვ.მ-ზე აშენდა. ყაზახურმა კომპანიამ თითქმის დაასრულა ინვენტარისა და დანადგარების ჩამოტანა. მინი საწარმოო პროექტი მათ აქამდეც ჰქონდათ ჩაშვებული, რომელმაც წარმატებით გაიარა ეს პროცესი და ახლა უკვე ასორტიმენტის გაზრდა და სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტი განხორციელდება. აღნიშნული პროექტში ჯამში 3 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
ყაზახური კომპანია თურქეთშიც ოპერირებდა, თუმცა საწარმოო სიმძლავრეები ჩვენთან გადმოიტანა და სხვადასხვა ქვეყანაში დისტრიბუციას აქედან განახორციელებს გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის ჩვენთან უკეთესი საოპერაციო გარემოა”, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.
გარდა ამისა, როგორც სოსო ნიბლაძე აღნიშნავს, სხვა პროექტებთან ერთად თბილისის თიზ-ში ორი სხვადასხვა გერმანული ინვესტიციით, Boeing-ისა და Airbus-ის ბიზნესკლასის სავარძლების კომპონენტებისა და მიკრო ჩიპების წარმოება, 2024 წელს აქტიურად წარიმართა.
"კერძოდ, Boeing-ისა და Airbus-ის ბიზნესკლასის სავარძლების ალუმინის კომპონენტების წარმოებაში ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით დავეხმარეთ ინვესტორს. მათ შორის ავუშენეთ კომპანიის საოპერაციო საჭიროებებზე მორგებული შენობა-ნაგებობა , ხოლო კომპანიამ უშუალოდ, მაღალი კლასის თანამედროვე მანქანა-დანადგარები ჩამოიტანა. ეს ინიციატივა წარმოადგენს მაღალი სიზუსტის საწარმოო პროექტს, რომელიც ავიალაინერების ბიზნესკლასის სავარძლების ალუმინის კომპონენტების წარმოებას გულისხმობს. მათ უკვე დაიწყეს ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ წარმოებას ნარჩენები არ აქვს, რადგან დარჩენილი ალუმინის დამატებით პრესირება ხდება, რომელსაც ასევე, კომერციული დანიშნულება აქვს. აღნიშნული პროექტში ინვესტიცია დაახლოებით 2 მლნ. ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მიკრო ჩიპების წარმოებას - აღნიშნული პროექტი დაახლოებით, 1 წელია შეუფერხებლად ოპერირებს და მათაც პროდუქცია ექსპორტზე აქტიურად გააქვთ”, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.
ცნობისთვის, ყაზახური კომპანია Gamma D’ORO საერთაშორისო ბრენდია, რომელიც პარფიუმერიის ბაზარზე თავის უნიკალურობას მაღალი ხარისხის, მდგრადი და ინოვაციური სუნამოებით ამტკიცებს. კომპანიას აქვს ფართო საწარმოო ქსელი, რომლის ცენტრი თურქეთში მდებარეობს. თუმცა 2024 წელს მათ თბილისის თავისუფალი ზონა აირჩიეს ახალი წარმოებისა და ლოგისტიკური ოპერაციებისთვის. მთავარი მიმართულებები, რომლებშიც Gamma D’ORO ოპერირებს: პარფიუმერია: ნიშური და ლუქს კლასის სუნამოები 50 და 100 მლ მოცულობით. არომატული სპრეი: მაღალი ხარისხის სპრეები როგორც სახლში, ასევე კომერციული სივრცეებისთვის. დიფუზორები და ავტომობილების პარფიუმერია: კომპაქტური და ეფექტური პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის თავისუფალი ზონა 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა თიზ-ის ადმინისტრატორი კომპანიის 100%-იანმა მფლობელმა კომპანიამ „ზოტი ჰოლდინგმა“ თბილისის თიზ-ის შესყიდვა 2023 წლის აპრილში დაასრულა. „ზოტი ჰოლდინგი“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების ერთობლივ კომპანიას წარმოადგენს.