საიუველირო სახლი „ზარაფხანა“ 2025 წლის ბოლომდე საწარმოს გადაიარაღების პროცესს დაასრულებს. როგორც ‘’ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე აცხადებს, პროექტი საწარმოს ტექნიკურ გადაიარაღებას და ასორტიმენტის გაფართოებას გულისხმობს. ტექნიკური სამუშაოები ‘’ზარაფხანამ“ 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის ბოლომდე დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიონ ლარს შეადგენს.
თორნიკე სამხარაძის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, 2024-2025 წლებში კი დამატებით 1 მლნ ლარის ინვესტირება იგეგმება.
ამასთან, ‘’ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, წარმოების ტემპი და შესაბამისად, გაყიდვები გაზრდილია. კერძოდ, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, წარმოება 18 %-ით გაიზარდა, რაც თორნიკე სამხარაძის შეფასებით, კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ზრდის ტემპი წელსაც შენარჩუნდება. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, კომპანია 23%-იან ზრდას გეგმავს.
"საწარმოს განახლების და სიმძლავრის გაზრდის გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ჩვენ წინა წელს გადამუშავებული ოქროს მიხედვით რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა და აღმავალ დინამიკას წელსაც შევინარჩუნებთ. წარმოების პარალელურად, ასორტიმენტიც უფრო დაიხვეწება და მრავალფეროვანი გახდება. ვცდილობთ, რომ ჩვენს მაღაზიაში ყველა საფასო სეგმენტი მაქსიმალურად გვყავდეს წარმოდგენილი. შეკვეთილი გვაქვს და რამდენიმე საკვანძო დანადგარი ზაფხულის ბოლოს იტალიიდან ჩამოგვივა. ტექნოლოგიური ხაზის გაახლება დაგვეხმარება, რომ ჩვენს მიერ წარმოებული ოქროს გადამუშავება წლიდან წლამდე გავზარდოთ. ეს რესურსი მთლიანად წარმოების ზრდას ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას მოხმარდება“, - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
შეგახსენებთ, „ზარაფხანა“ საქართველოში სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.
დღეისათვის, კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაკეთობის 5 მაღაზიას მართავს. აქედან 1 ონლაინ მაღაზიაა.