Eagle Hills-ის $6.6 მილიარდიანი პროექტი აქტიურ ფაზაში შედის და სამშენებლო სამუშაოები 2026 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, საინვესტიციო ხელშეკრულება და პარტნიორთა შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განაშენიანების გეგმაზე მუშაობა, რასაც თან ახლავს მთელი რიგი, ათეულობით კვლევა, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ამის შემდეგ დაგეგმილია საჯარო განხილვები, რაც ამ მასშტაბის პროექტის თანმდევი ნაწილია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, Eagle Hills-ის პროექტი არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის აღიარება, რასაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს .
„ის რომ საქართველოს აქვს მსოფლიოს 1/3-თან თავისუფალი ვაჭრობა, ის რომ ქვეყანაში არის სტაბილური და მაღალი ეკონომიკური ზრდა, განჭვრეტადი რეგულაციები, უწყვეტი მშვიდობა - ეს არის საფუძველი იმის, რომ ინვესტორები ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით. ასეთი მასშტაბის ინვესტიცია არ განხორციელებულა საქართველოში და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არა მხოლოდ ინვესტიციის ზომაზე, არამედ ინვესტორის რეპუტაციაზე და კომპანიაზე, რომელსაც ათეულობით ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პროექტები აქვს განხორციელებული,“-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ მასშტაბის ინვესტიცია უგზავნის სიგნალს დანარჩენ საინვესტიციო გარემოს, მინიმუმ უძრავი ქონების და დეველოპმენტის ნაწილში.
„დეველოპმენტის სფერო ეს არის ხანგრძლივი ინვესტირების მიმართულება. წლების განმავლობაში გათვლილი ინვესტიცია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ გადაწყვეტილება Eagle Hills-ის შემოსვლის, არის ნდობა ქვეყნისადმი, იმ პოლიტიკური კურსის მაღალი ეკონომიკური ზრდის, რაც არის ქვეყანაში. ყველაფერი ერთად განაპირობებს იმას, რომ ეს ინვესტიცია არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. კომერციულ საიდუმლოებას რაც შეეხება ეს აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა და ძალიან გაგიჭირდებათ იპოვოთ გამონაკლისი, როდესაც ასეთი კალიბრის საინვესტიციო პროექტის ხელშეკრულება არ არის კომერციული საიდუმლოება.
ხელშეკრულებაზე კომერციული საიდუმლოს გავრცელება - ეს იყო ინვესტორის მოთხოვნა, რადგან ყველა დეტალის გამჟღავნდება, რომელსაც მოიცავს ქართულ სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება მის პოზიციებს სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებაში დაასუსტებს, ამიტომ აბსოლუტური გაგებით მოვეკიდეთ ამ თხოვნას, მეორე ის რომ საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კომერციული ხელშეკრულებები იყოს გასაიდუმლოებული.
იმდენ საკითხზე ხდება საჯაროდ საუბარი როგორც ინვესტორის ისე ეკონომიკის სამინისტროს და პრემიერის მხრიდან, ამასთან, არავითარი სპეციალური სტატუსი ამ პროექტს არ ენიჭება, ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ძალიან ცოტა რამ რჩება შინაარსობრივი, რაც არ გამჟღავნებულა. ძირითადად გასაიდუმლოებული რჩება ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები,“-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო წლების განმავლობაში კონკრეტულ ინვესტორებთან მოლაპარაკებისას იმ ორივე ლოკაციაზე განიხილავდა საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, რომელიც საბოლოოდ Eagle Hills-ის პროექტისთვის შეირჩა.
„ჩვენს საინვესტიციო პორტფელში, რომელიც განიხილებოდა ინვესტორებთან, გონიოს პოლიგონის არსებული ლოკაციაც და კრწანისის ტყე-პარტკიც შედიოდა. როდესაც Eagle Hills-მა გამოთქვა სურვილი საქართველოში ინვესტირების, საკმაოდ დიდი დრო დაიხარჯა იმაზე, რომ შეგვერჩია ტერიტორიები. მოხდა კონცეფციების დამუშავება, გათვლების გაკეთება. ინვესტორთან მუშაობისას პირველ რიგში ვუყურებთ მის რეპუტაციას, მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს,"-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, Eagle Hills-ის პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში 2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა, სასტუმროების ნაწილში გაჩნდება 1 500-მდე ნომერი, კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები.
პროექტში $6.6 მლრდ-ის ინვესტირება განხორციელდება.