“ყველა ძირითადი პარამეტრი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად ვასრულებთ მიმდინარე 2025 წელს”-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სხვადასხვა პროგნოზით საქართველოში ეკონომიკური ზრდა 7.3-7.5%-მდე იქნება. პირველად ისტორიაში, მშპ გადააჭარბებს 100 მლრდ ლარიან ზღვარს და ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს.
"ამასთან, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ნავარაუდევია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.4%-ი იქნება, რაც განაპირობებს ინვესტიციების მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ სამ კვარტალში საქართველოდან 6.6 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ქვეყანაში 1.3 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და ეს მაჩვენებლები კიდევ გაიზრდება,”-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულ სექტორებს, ირაკლი ნადარეიშვილმა კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“კაპიტალის ბაზრის განვითარების პირველ ეტაპზე მთავრობა საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე იყო კონცენტრირებული, შედეგად, ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან დახვეწილი დასავლური სტანდარტებით ამ ბაზრის სამართლებრივი მოწესრიგება. მეორე ეტაპზე სახელმწიფომ დაიწყო კონკრეტული ხელშემწყობი მექანიზმებით აქტიური ინტერვენცია,”-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა
მისივე ინფორმაციით, 2023 წელს სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი გაორმაგდა და 2 მილიარდ ლარს მიაღწია.
“წლევანდელ წელს ვამთავრებთ მიმოქცევაში მყოფი სავალო ფასიანი ქაღალდების 3 მილიარდ ლარიანი პორტფელით. საინვესტიციო ფონდების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ჩავუშვით პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ბონდების გამოშვებას. დღეს ამ პროგრამის პორტფელი 800 მილიონი ლარია. ჩვენი საფინანსო სისტემა კონცენტრირებულია საბანკო სექტორზე, თუმცა აუცილებელია კაპიტალის დივერსიფიცირება და კაპიტალის ბაზარი არის ის ეკოსისტემა, რომელიც ჩვენს ბიზნესს ძალიან სჭირდება,”-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით წელი გამოირჩეოდა იმით, რომ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით, რაც ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსადმი რეგიონალური სტარტაპების ინტერესს.
“ტურიზმი ტრადიციულად იყო რეკორდული. ჩვენ გასულ კვირას შევაჯამეთ არსებული შედეგები. ქვეყანაში შემოვიდა 6.1 მლნ ვიზიტორი. საქართველომ ტურიზმიდან მიიღო 3.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი. ასზე მეტი ახალი სასტუმრო ობიექტი შეემატა ქვეყანას,”-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.