„გლობალური ფინანსური ბაზრებისთვის ეს არ ყოფილა განსაკუთრებული მოულოდნელობა“, - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში „თიბისი კაპიტალის“ გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა რატი კალანდარიშვილმა აშშ-ში 43-დღიანი ე.წ „შათდაუნის“ გავლენა გლობალურ ბაზრებზე.
„ეს ნამდვილად იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნი, თუმცა, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. ალბათ, გახსოვთ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც 35-დღიანი „შათდაუნი“ იყო, ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალური ფინანსური ბაზრებისთვის ეს არ ყოფილა განსაკუთრებული მოულოდნელობა“, - აღნიშნა რატი კალანდარიშვილმა.
მან ვრცლად მიმოიხილა „შათდაუნის“ პირველ დღეებში, თუ რა სურათი იყო ფინანსურ ბაზრებზე.
„რომ შევაფასოთ, "შათდაუნის" დასაწყისიდან, ანუ პირველი ოქტომბრიდან, ფინანსური ბაზრები პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ნეგატიურად მოძრაობდნენ. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ S&P 500 ინდექსი (Standard & Poor’s 500), რომელიც აშშ-ს ყველაზე დიდი 500 კომპანიის საჯარო ინდექსს წარმოადგენს. „შათდაუნის“ გამოცხადების პირველ რამდენიმე დღეში ეს ინდექსი 3-3.5%-ით შემცირდა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ მოგვარების ნიშანი ჯერ არ იკვეთებოდა, როცა S&P 500-მა ისტორიულ მაქსიმუმსაც კი მიაღწია სწორედ ამ პერიოდში. ჯამურად რომ შევაფასოთ, ეს მოვლენა, ფინანსური ბაზრებისთვის, რა თქმა უნდა, მერყეობის გამომწვევი იყო. არსებობდა დღეები, როდესაც ბაზრები ეცემოდნენ, იყო დღეები, როცა ბაზრები იზრდებოდნენ, თუმცა როგორც თავში აღვნიშნე, ეს მოვლენა ფინანსური ბაზრებისთვის სიახლე არ ყოფილა“, - განმარტა რატი კალანდარიშვილმა.
მისივე შეფასებით, პირველი ოქტომბრიდან ამ დრომდე, S&P 500-ის ცვლილება მხოლოდ 1%-ია.
„ე.წ „შათდაუნის“ დასრულებამ სენტიმენტზე პოზიტიურად იმოქმედა. მაგალითისთვის, ამ კვირის ორშაბათიდან, როდესაც პირველი ნიშნები გამოიკვეთა „შათდაუნის“ დასრულების, საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება ფინანსური ბაზრები“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 43-დღიანი "შათდაუნი" დასრულებულია. ქვეყნის პრეზიდენტმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა. წარმომადგენელთა პალატამ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის სადავო კანონპროექტი 222 ხმით 209-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის ექვსი დემოკრატი კონგრესმენი იყო. კანონის ძალაში შესვლა საჯარო პირების მასობრივ გათავისუფლებას დაუსვამს წერტილს და აღადგენს ფედერალური თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემის შესაძლებლობას.